OpenAi-ს ახალი პროდუქტი – SORA მოკლე ტექსტური აღწერით ვიდეოს ქმნის

OpenAi-მ ახალი პროდუქტი – SORA წარმოადგინა, რომელიც AI-ს დახმარებით და მოკლე ტექსტური აღწერით ვიდეოს ქმნის. ექსპერტები წერენ, რომ დღეიდან მაღალი ხარისხის ვიდეოს შესაქმნელად აღარაა საჭირო გრაფიკული და ვიდეო-წარმოების უნარ-ჩვევები. მხოლოდ რამდენიმე წინადადებაა საჭირო, რომ სასურველი გამოსახულება მიიღო.
Sora საშუალებას გაძლევთ, 60 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოები შექმნათ, სადაც შენარჩუნებული იქნება გამოსახულების მაღალი ხარისხი. პროექტის მთავარი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის მომზადება ფიზიკური სამყაროს მოძრაობის გასაგებად და სიმულაციისთვის.
მედიაში უკვე გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეოები. ერთ-ერთ მათგანში ჩანს ქალი ტოკიოს ქუჩაში.
ამ ვიდეოს შესაქმნელად AI-სთვის შემდეგი ინსტრუქციის მიცემა გახდა საჭირო:
„ელეგანტური ქალი დადის ტოკიოს ქუჩაში. ქუჩა სავსეა თბილი ნეონის განათებებით და ანიმაციური რეკლამებით. ქალს აცვია შავი ტყავის ქურთუკი, გრძელი წითელი კაბა, შავი ჩექმები და უკეთია შავი ჩანთა და მზის სათვალე. ის თავდაჯერებულად და მშვიდად მოდის ქუჩაში. ქუჩა არის წვიმიანი და ფერად განათებებს სარკისებურად ირეკლავს. ქუჩაში ბევრი ხალხი გადაადგილდება“.
ამ დროისთვის Sora-ზე წვდომა, პოტენციური საფრთხეებისა და რისკების შესაფასებლად, მხოლოდ ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტებს აქვთ, ასევე მხატვრებსა და დიზაინერებს უკუკავშირის მისაღებად და მოდელის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
OpenAI, Sora-ს პროექტის მეშვეობით, მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ