NGO-ების განცხადება: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია

საქართველოში მოქმედი 23 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა ევროპული საბჭოს 27 ივნისს გამართულ სხდომას. საბჭო ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს აერთიანებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული ცხრა ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა. ცხრა ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, ევროპულ კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს”. ამასთან, მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური თავდასხმები, დაშინებები და მუქარა“, – წერია განცხადებაში.
ევროკომისია შემოდგომაზე წარმოადგენს გაფართოების მორიგ ანგარიშს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებული იქნება საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულება.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც, მათი აზრით, ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებული განცხადებები. განცხადების თანახმად, ევროკავშირის ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:
· გაიწვიოს “რუსული კანონი” და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს;
· არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თითოეულ მონაპოვარს;
· შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი.
ხელმომწერები:
· საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
· აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
· დემოკრატიის მცველები
· ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
· თბილისი პრაიდი
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
· მწვანე ალტერნატივა
· სამართლიანი არჩევნები (ISFED)
· სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
· სასამართლოს გუშაგი
· საფარი
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
· საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
· საქართველოს ევროპული ორბიტა
· საქართველოს მომავლის აკადემია
· სოციალური სამართლიანობის ცენტრი
· ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
· უფლებები საქართველო
· ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
· წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
· საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
· საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ