საქართველოში საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ფრანჩაიზების 2022 წლის ფინანსური შედეგები შპს „თ და კ რესტორნების“ (McDonald’s Georgia) და სს „ვენჯორჯიას“ (Wendy’s Georgia) მაგალითზე დაყრდნობით Finspot-მა მიმოიხილა.
McDonald’s Georgia-მ პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გახსნა. კომპანია უმსხვილესი გლობალური სწრაფი კვების რესტორნის ბრენდის ფრანჩაიზს წარმოადგენს. Wendy’s Georgia-მ პირველი რესტორანი საქართველოში 2013 წელს გახსნა. თუმცა, კომპანიის ფრანჩაიზის განვითარების ისტორია და მისი ფინანსური მდგომარეობა უმსხვილესი კონკურენტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, განვითარების საწყისი ეტაპიდანვე, Wendy’s ფინანსური პრობლემების ფონზე ოპერირებდა.
„აუდიტორების აზრით, Wendy’s-ის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად არ ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და მნიშვნელოვანი ეჭვი არსებობს კომპანიის ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. კომპანიამ საკმაოდ დიდი სასესხო რესტრუქტურიზაცია განახორციელა 2021 წელს, რომლის მიხედვითაც Wendy’s-ს გაუნულდა აშშ-ს საკრედიტო ინსტიტუტიდან (OPIC) მიღებული სესხი ₾53 მილიონის მოცულობით, $3.5 მილიონის გადახდის სანაცვლოდ. მიუხედავად ასეთი შეღავათისა, კომპანია კვლავ მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევების წინაშეა.
კომპანია 2022 წელსაც ვერ ახერხებდა სესხზე მომსახურებას და -₾11 მილიონიანი უარყოფითი ფულადი ნაკადები ჰქონდა (Unlevered Free Cash Flow). ამ თანხის მოძიება კი Wendy’s-მა შეძლო საერთო კონტროლს დაქვემდებარებულ საწარმოზე (სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაზე“) კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწისა და შენობის მიყიდვით. აღსანიშნავია, რომ გაყიდული საინვესტიციო ქონების საბალანსო ღირებულება ₾4.4 მილიონი იყო , სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ კი ეს ქონება ₾12 მილიონად იყიდა, რამაც Wendy’s-ს საშუალება მისცა სესხს მომსახურებოდა და ფუნქციონირება გაეგრძელებინა.
კოვენანტების დარღვევებისა და ვადაგადაცილებების ფონზე, კომერციულ ბანკს უზრუნველყოფაში ჩადებული აქვს არა მხოლოდ Wendy’s-ის საკუთრებაში არსებული ქონება, არამედ საერთო კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოების გარკვეული აქტივებიც.
2023 წლის სექტემბერში აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ შპს „ვ-ჯეო რესტორნებს“ მიჰყიდა საოპერაციო საქმიანობისთვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური აქტივები სრულად. ასევე, ყველა რესტორნის მფლობელობა გადაეცა და მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებები გადაფორმდა შპს „ვ-ჯეო რესტორნების“ სახელზე. ამ უკანასკნელს იგივე მფლობელები ჰყავს, რაც სს „ვენჯორჯიას“, 2022 წლის მდგომარეობით ესეც ზარალიანი კომპანიაა და მაღალი ლევერიჯი აქვს. ამიტომ, ტრანზაქციაზე დამატებითი დეტალების გარეშე, რთული სათქმელია ზუსტად რას ემსახურება Wendy’s-ის აქტივების ერთი იურიდიული პირიდან მეორე იურიდიულ პირზე გადატანა, ან როგორ დაეხმარება ეს კომპანიას ფინანსური კრიზისის დაძლევაში“, – ნათქვამია Finspot-ის ანგარიშში.
McDonald’s Georgia-ს სრულმა შემოსავალმა 2022 წელს თითქმის ₾200 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 46%-იან ზრდას წარმოადგენს. Wendy’s Georgia-ს შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება McDonald’s-ის გაყიდვებს და 2022 წელს ₾46 მილიონი შეადგინა. Wendy’s კონკურენტს ასევე ჩამოუვარდება თითქმის ყველა ძირითადი მაჩვენებლით: (i) საერთო მოგების მარჟა, (ii) ხარჯების მართვა, (iii) საოპერაციო მოგების მარჟა, (iv) leverage კოეფიციენტები და ა.შ.
Wendy’s-ს დივიდენდის გაცემის საშუალება არ ჰქონია შექმნილი ფინანსური პრობლემების ფონზე. McDonald’s-ის მიერ მფლობელებზე გაცემული/გამოცხადებული დივიდენდები 2016-2023 წლების განმავლობაში ჯამურად ₾16.5 მილიონი იყო.
McDonald’s Georgia-ს მფლობელები არიან: თემურ ჭყონია – 90%; თენგიზ კაპანაძე – 10%.
Wendy’s Georgia-ს მფლობელები არიან: სამსონ ფხაკაძე – 50%, ლევან ფხაკაძე – 50%.