Lufthansa Group-ი მოკლე და საშუალო მანძილზე მფრინავ 80 ახალ ავიალაინერს შეიძენს. კომპანიამ შეკვეთა უკვე გააფორმა Boeing-თან და Airbus-თან.
ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი თვითმფრინავების საერთო ღირებულება 9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჯგუფი, რომელშიც ამავე სახელწოდების ავიაკომპანიის გარდა შედის SWISS, Austrian Airlines, Brussels Airlines და Eurowings, 40 Boeing 737-8 MAX თვითმფრინავს და 40 Airbus A220-300 თვითმფრინავს შეიძენს. მომავალში Lufthansa აპირებს შეიძინოს კიდევ 60 იგივე Boeing თვითმფრინავი, 20 Airbus A220-300 თვითმფრინავი და 40 Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი.
ახალი თვითმფრინავების მიწოდება მოსალოდნელია 2026-იდან 2032 წლამდე.
ახალი შეკვეთა მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ჯგუფის კაპიტალურ ხარჯებზე 2023 და 2024 წლებში.
კაპიტალური ინვესტიციები 2023 წელს 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს, იგივე ოდენობა იგეგმება 2024 წლისთვის.
