სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
კითხვაზე, „ოპოზიციურმა პარტიებმა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუ ცალკე სიებით?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 23,5%;
„ალბათ, ერთიანი სიით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 13,9%
„ალბათ, ცალკე სიებით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 10,6%
„ცალკე სიებით უნდა მიიღონ მონაწილეობა“ – 13,4%;
„არ ვიცი/უარი კითხვაზე“ – 38,6%.
„თუმცა, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს იმ ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. კვლევის მიხედვით, ამ ვარიანტს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს თბილისელებში (43%)“, – ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) – ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
რეგიონებში პირიქით – უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც“, – ნათქვამია კვლევაში.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე „ადგილობრივი არჩევნების მხარდაჭერა ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც?“, შედეგები საქართველოს მასშტაბით ასეთია:
„მხარს დავუჭერ ადგილობრივ არჩევნებს თუ ხელმეორედ ჩატარდება“ – 35,8%;
„მხარს დავუჭერ ადგილობრივ არჩევნებს იმის მიუხედავად ჩატარდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები“ – 38,9%;
„არ ვიცი/უარი კითხვაზე“ – 25,4%.
აღნიშნულ კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად აფასებს – 42.5%; არასამართლიანად – 42%).
„თბილისელების უმრავლესობას (57%) არჩევნების არასამართლიანად ჩატარების მოლოდინი აქვს.
რეგიონების მოსახლეობა უფრო იმისკენაა გადახრილი, რომ ადგილობრივი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება (სამართლიანად – 48%; არასამართლიანად – 36%)“, – ნათქვამია კვლევაში.
კერძოდ, კითხვაზე „იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც თქვენთვის ცნობილია, როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი იქნება, თუ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი?“ პასუხები ასე გადანაწილდა:
„იქნება თავისუფალი და სამართლიანი“ – 16,6%;
„იქნება მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი“ – 25,9%;
„იქნება მეტ-ნაკლებად არათავისუფალი და არასამართლიანი“ – 24,3%;
„იქნება არათავისუფალი და არასამართლიანი“ – 18,0%
„არ ვიცი/უარი პასუხზე“ – 15,2%.
