ISFED: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სასამართლო დავა მოიგო

საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ერთ-ერთი თანამშრომლის, ლალი ახალაიას გათავისუფლება და მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISFED) ავრცელებს.

“2021 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად ს დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის 25 ნოემბერს “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც” დაიწყო რეორგანიზაცია. დაინიშნა ტესტირება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. სააგენტოში დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა ტესტირებაზე არ შემოწმებულა. ამავდროულად, დადგენილი არ ყოფილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 2022 წელს, 9 თვის შემდეგ სააგენტოში მეორე რეორგანიზაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლალი ახალაია 2022 წლის 14 ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს, გასაუბრების ოქმში კი აღნიშნეს, რომ მისი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას.

გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, სფეროს მცოდნე ექსპერტები. გასაუბრებას, ძირითადად, ატარებდნენ იურისტები, რომლებიც არ ჰქონდათ კონკურსანტის შესაფასებლად საჭირო პროფესიული ცოდნა.

ლალი ახალაიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში 2022 წლის 14 დეკემბერს გაასაჩივრა, ამ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 10 ივნისს ბათილად ცნო სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” ბრძანება ლალი ახალაიას გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მხარეს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დამატებით სამსახურში აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

ლალი ახალაიას ინტერესებს სასამართლოში “სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა

შეხსენებისთვის ლალი ახალაიას შემთხვევა პირველი არ არის: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში 2021 და 2022 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდნენ სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან ამ მასშტაბით გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო”. – წერია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ISFED-ის ინფორმაციით, ლალი ახალაია არქეოლოგია. იგი 1978 წლიდან კულტურის სამინისტროში შემავალ სხვადასხვა უწყებაში იყო დასაქმებული, ხოლო 2013 წლიდან 2022 წლამდე, გათავისუფლებამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვენიაში საქართველოს ყოფილი ელჩი – ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს – სად მივდივართ? ევროპაში!