ერთი წელია, რაც საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებობს ერთადერთი აკრედიტირებული ასოციაცია IPOA (ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია). ასოციაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სფეროს განვითარებაში, საგრძნობლად გაიზარდა ავტორ-შემსრულებელთა ყოველთვიური ჰონორარის ოდენობა.
2025 წლის იანვარში IPOA-მ საქპატენტისგან უვადო აკრედიტაცია მიიღო. ასოციაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, თამარ გვარიშვილსა და ავტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დათო ევგენიძეს ვესაუბრეთ.
თამარ გვარიშვილი (იპოას გამგეობის თავმჯდომარე)
პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ნდობა და გულშემატკივრობა, რომელსაც მუდმივად ვიღებთ ჩვენი უფლებამფლობელებისაგან. მოგეხსენებათ რომ ასოციაცია ეკუთვნით სწორედ მათ, და გამგეობის არსებული შემადგენლობა წევრების მიერ არის არჩეული. უფლებამფლობელთა აქტიური მხარდაჭერით ასოციაციამ უვადო აკრედიტაციაც მოიპოვა, რაც ჩვენთვის დიდ წარმატებასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ასოციაცია აერთიანებს 2 ათასამდე ხელოვანს, მათ შემოქმედებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა.
გამჭვირვალობა, ეფექტურობა და საერთო კმაყოფილება არის ჩვენი მთავარი ფასეულობები.
ქვეყანაში არსებული უამრავი გამოწვევის მიუხედავად შევინარჩუნეთ ჩვენი მდგრადობა და მეტიც დავნერგეთ სიახლე – კერძო კოპირება. რამაც მოგვცა შესაძლებლობ გაგვეზარდა ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარი.
სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, რადგან ეს სფერო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და ევროპული სტანდარტების შესაბამის დონეზე მივიყვანოთ. თუმცა, ავტორთა მხარდაჭერა, მათი სიყვარული და ზრდადი წარმატება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ სფეროს საგრძნობი გაუმჯობესებისთვის
დავით ევგენიძე (იპოას ავტორთა საბჭოს თავმჯდომარე)
გაერთიანების მთავარი იდეა იყო და არის, რომ ყველა ავტორი ერთ სივრცეში ვყოფილიყავით, თანდათანობით მოგვეგვარებინა დარგის ფინანსური და ფუნქციონალური საკითხები და ეს ყველაფერი ჩვენთვის უფრო დაცული და სასარგებლო გაგვეხადა.
როგორც უკვე ცნობილია, IPOA-ს მიერ დაარსებული ფონდი შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერას ემსახურება, რაც ბევრ ხელოვანს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი იდეები რეალობად აქციოს. ეს დიდი მოტივაცია იქნება როგორც პროფესიონალებისათვის, ისე დამწყები ნიჭიერი ადამიანებისათვის. ამიტომ ბევრი სიახლე გველოდება წინ და მიხარია, რომ ამ ყველაფერის ნაწილი ვარ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, საქართველოს კულტურის კომიტეტისა და ავტორთა ჩართულობის შედეგად საავტორო უფლებების სფეროში დაიხვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, 2024 წელს კი საქპატენტმა კანონის შესაბამისად გამოაცხადა აკრედიტაციის კონკურსი, სადაც ქართველი ხელოვანების შექმნილმა ასოციაცია IPOA-მ გაიმარჯვა და მას შემდეგ აღნიშნულ სფეროში ბევრი რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ გაზრდილიყო როგორც ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები ისე, ბოლომდე დაცული ყოფილიყო მათი უფლებები ყველა სფეროში.
