III კვარტალში, ბიზნესკლიმატი თითქმის ყველა სექტორში გაუარესებულია – BAG ინდექსი

2024 წლის III კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია ყველა სექტორში, გარდა მომსახურების სექტორისა, – ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ინდექსის მიმოხილვის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში გაუარესდა 13.1 ქულით, ვაჭრობის სექტორში 12.9 ქულით, მრეწველობის სექტორში 7.1 ქულით. რაც შეეხება მომსახურების სექტორს, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 7.0 ქულით.
“მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში მაჩვენებლის კლება ძირითადად ბიზნესის მოლოდინების, ხოლო ვაჭრობის სექტორში – ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასების გაუარესებას უკავშირდება”, – წერია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.