საჰაერო ტვირთების გადაზიდვა არასრულ 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-მდეა გაზრდილი, – ამის შესახებ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის Ibex Logistics-ის ხელმძღვანელმა, ლევან თათარაშვილმა BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.
თათარაშვილის შეფასებით, საჰაერო ტვირთების გადაზიდვის დინამიკა სტაბილურად მზარდია და კომპანია წლის ოთხივე სეზონზე აქტიურად არის დატვირთული.
„საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით, ყველაზე აქტიური გადაზიდვები აზიიდან, კერძოდ, ჩინეთიდან ხორციელდება, მას მოსდევს ინდოეთი და ყაზახეთი. დანარჩენი წილი კი ევროპასა და ამერიკას უჭირავს. ჩვენ ქართული ბაზრისთვის კორპორაციულ მომხმარებლებთან ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.
ლევან თათარაშვილი არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღესდღეობით, არსებული ინფრასტრუქტურა ლოგისტიკურ კომპანიებს მეტი ტვირთის მიღებისა და გატარების შესაძლებლობას არ აძლევს.
„მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საავიაციო მიმართულება ბაზარზე უფრო ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. როგორც სახელმწიფო გვპირდება, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენება იგეგმება, რაც საშუალებას მოგვცემს, ტვირთბრუნვა გავზარდოთ. შესაბამისად, სანამ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელდება, რთულია მეტი მოცულობის ტვირთების ტრანსპორტირებაზე საუბარი“, – აცხადებს თათარაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია მომავალი წლისთვის სასაწყობე მეურნეობის მოწყობას გეგმავს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
