IAEA: ირანს ბირთვული ბომბისთვის საჭირო გამდიდრებული ურანის ფლობამდე რამდენიმე კვირა უკლია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) უფროსმა რაფელ მარიანო გროსიმ DW-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის გამდიდრებული ურანის ფლობამდე არა თვეები, არამედ კვირეები უკლია.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირანს აქვს ან ექნება ბირთვული იარაღი ამ დროში” – თქვა გროსიმ.
მისი თქმით, გამდიდრებული ურანის ამ რაოდენობით დაფიქსირება საფრთხისშემცველია, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია პირდაპირ დასკვნის გამოტანა, რომ ირანს ბირთვული იარაღი აქვს. რაფაელ გროსის სიტყვებით, ფუნქციური ბირთვული იარაღის შექმნას გამდიდრებული ურანის გარდა კიდევ მრავალი დამოუკიდებელი რამ სჭირდება.
როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს საკმარისი წვდომა იმ პროცესებზე, რაც ირანის ბირთვულ ცენტრებში ხდება. გროსის თქმით, IAEA-მ გამდიდრებული ურანის ნიშნები მოულოდნელ ადგილებში იპოვა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ზრდის.