HRW: კანონპროექტი ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელიც “გარკვეულ არასამთავრობო ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირებას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად”, ემუქრება ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში”.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “პარლამენტმა უნდა ჩააგდოს კანონპროექტი ბოლო მოსმენაზე. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ყველა სავარაუდო შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება”.
ამავდროულად, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “კანონპროექტი არ შეესაბამება იმ საკანონმდებლო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აღებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციასთან მიერთებით. საერთაშორისო სამართლით, დაშვებულია გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, ეს კანონპროექტი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნებისმიერ ლეგიტიმურ ჩარევას ამ უფლებებში”.
ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ჰიუ უილიამსონის შეფასებით, “უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტი თელავს ფუნდამენტურ უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებამ ის უნდა გაიწვიოს”. ამასთან, “მათ სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევები და დაიცვან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებები”.
“ქართველი პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ფორმალურად იცავენ ამ კანონპროექტს იმით, რომ თითქოს ის უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, მაგრამ ისინი არ ფარავენ ამ კანონპროექტის რეალურ მიზანს. დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის უცხოური ინტერესების მსახურებად გამოცხადებით, ისინი მიზნად ისახავენ ქვეყანაში იმ კრიტიკული ხმების მარგინალიზაციასა და ჩახშობას, რომლებიც ფუნდამენტურია ნებისმიერი ქმედითი დემოკრატიისთვის”. – აღნიშნავს უილიამსონი.
გარდა ამისა, Human Rights Watch წერს, რომ კანონპროექტი ს “უცხოეთის აგენტების” კანონის მსგავსია.