2016 წელს, სანდარ პიჩაის მიერ Google-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დაკავებიდან რამდენიმე თვეში, ახალმა CEO-მ პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმადაც, საძიებო სისტემის სინონიმად ქცეული Google “AI-first” ხელოვნური ინტელექტის კომპანია ხდებოდა.
ამის მიუხედავად, ტექნოლოგიურ სექტორში არსებობს მოსაზრება, რომ Alphabet-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ჩამორჩა. ამ საკითხზე Bloomberg-თან ინტერვიუში თავად სანდარ პიჩაიმ ისაუბრა და აღნიშნა, რომ Google ამ სფეროში ნოვატორობას განაგრძობს და ამას მათი AI მოდელი Gemini-ც ადასტურებს.
2016 წელს Google ხელოვნური ინტელექტის კომპანიად გამოაცხადეთ, თუმცა დღემდე არსებობს შეხედულება, რომ AI გემმა უთქვენოდ შეცურა ზღვაში. როგორ ფიქრობთ, ჩამორჩებით OpenAI-ის?
“ვფიქრობ, ChatGPT შესანიშნავი პროდუქტი იყო, რომელიც ბაზარს იდეალურად მოერგო და OpenAI ამის გამო შექებას იმსახურებს. მაგრამ ჩვენს პროდუქტებში ხელოვნურ ინტელექტს უკვე ძალიან დიდი ხანია ვნერგავთ. საყრდენი ტექნოლოგიების უმრავლესობა სწორედ Google-დან მოდის… ვქმნით ახალი თაობის მოდელებს Gemini-ს წყალობითაც.
მოუთმენლად ველოდები ინოვაციას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ვხედავ, რომ კომპანია ამ მომენტისთვის მოვამზადეთ და ველი, რომ ინოვაციის ოქროს ხანა წინაა, რასაც მზად დავხვდებით”.
უფრო მეტი გვითხარით Gemini-ის შესახებაც. გვსმენია, რომ ის მაგიური ინგრედიენტია საძიებო სისტემებისთვის, თუმცა საინტერესოა თქვენგან გავიგოთ, რამდენად ცვლის ის ონლაინ ძებნის ტრადიციულ პროცესს?
“ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ცდილობს, გენერაციული AI განვავითაროთ. Gemini-სთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანი იყო, რომ საბაზისო მოდელი შეგვექმნა და ასეც დავიწყეთ Gemini 1.2 ვერსიით, რომელსაც შემდეგ შევძინეთ ინოვაციური თვისებები, გავხადეთ მულტიმოდალური, დავამატეთ ფუნქციები და ა.შ.
რაც შეგვეძლო სწრაფად გავუშვით Gemini 1.2 და როდესაც დავრწმუნდით, რომ ის იყო კონკურენტუნარიანი საბაზისო მოდელი, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ მის გაუმჯობესებაზე მუშაობა”.
Google-მა ახლახან ჩადო 2 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია Antropic-ში, თავისთავად, Microsoft-იც მილიარდობით დოლარს დებს OpenAI-ის განვითარებაში. ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მქონდა ამერიკის ფედერალური ვაჭრობის კომისიის თავმჯდომარესთან, ლინა ხანთან, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ დიდი ტექ.კომპანიები საკუთარ ძალაუფლებას კიდევ უფრო ზრდიან არა მხოლოდ ფინანსური ინვესტიციებით, არამედ სტარტაპებისთვის საკუთარი “ქლაუდ” სერვისების გაზიარებითაც. რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ეს მოსაზრება? შეუძლიათ სტარტაპებს წარმატებას ისე მიაღწიონ, რომ დიდ კომპანიებთან არ ითანამშრომლონ?
“ეს სხვადასხვა დეტალზეა დამოკიდებული. როდესაც სტარტაპებთან შეთანხმებას ვაღწევთ, მათ ჩვენი ქლაუდ ტექნოლოგიით შესაძლებლობებსაც ვაძლევთ, თუმცა არც ერთი კომპანიაში კონტროლირებადი წილი არ გვაქვს. ისინი დამოუკიდებელი კომპანიები არიან, რომლებსაც ჩვენ მხოლოდ ტექნოლოგიას ვაწვდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი პირიქითაა. შეხედეთ გასულ წელს, რამდენი ახალი სახელი გამოჩნდა ბაზარზე, რაც ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ძალიან დინამიკურ ეტაპზე ვართ და დიახ, ვფიქრობ საჭიროა, რომ მომდევნო თაობის კომპანიებს საშუალება მივცეთ, განვითარდნენ და სწორედ ამას უწყობს ხელს ქლაუდ ტექნოლოგია. ის გვაძლევს შანსს, ავიღოთ ტექნოლოგია, რომელზეც Google-ია დაფუძნებული, და ის აბსოლუტურად ყველას გავუზიაროთ. ინოვაციისთვის ხელშეწყობა კი ძალიან კარგია”.