GIPA-ს 97 სტუდენტი სწავლას ევროპის 33 უნივერსიტეტში გააგრძელებს

GIPA 2026 წელს ახალი წარმატებით ხვდება. გაზაფხულის სემესტრზე Erasmus+ის სასწავლო პროგრამებზე სასწავლებლად 97 სტუდენტი გაემგზავრება. სტუდენტები ერთ სემესტრს გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ავსტრიის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, ბელგიის, უნგრეთის, კვიპროსისა და ჩეხეთის 33 უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას.
გაცვლით პროგრამებზე გამგზავრების წინ, რექტორი მაკა იოსელიანი სტუდენტებს შეხვდა, მიაწოდა საჭირო რჩევები და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რაც მათ მომავალი სემესტრიდან ელით. უნივერსიტეტმა სტუდენტებს, ასევე, სტრესის მართვისა და გამოწვევებთან გამკლავების ვორკშოპი “ევროპული სემესტრი: მოლოდინები VS რეალობა” შესთავაზა. ვორკშოპს განათლების ექსპერტი პაატა პაპავა უძღვებოდა.
საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. GIPA მუდმივად ცდილობს თავის სტუდენტებს საუკეთესო პროგრამები შესთავაზოს. Erasmus+ის პროგრამებში უნივერსიტეტის ჩართულობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს GIPA-მ 13 სტუდენტი გააგზავნა ევროპის უნივერსიტეტებში, 2024 წელს კი – 109. მომავალი წლის პროგნოზით, გაცვლით პროგრამებში ჩართული სტუდენტების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, მხოლოდ გაზაფხულის სემესტრზე ევროპის უნივერსიტეტებში საუკეთესო განათლებას GIPA-ს 97 სტუდენტი მიიღებს.