GINO Holding-ი გარდაბანში მზის ელექტროსადგურს აშენებს, ინვესტიცია – 28 მლნ ევრო

სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ი გარდაბანში მზის ელექტროსადგურს აშენებს. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ჰოლდინგის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 28 მლნ ევროა. „უკვე ინვესტირებულია 3,5 მლნ ევრო“, – აცხადებს ინვესტორი.
ნოდარ გიორგაძის თქმითვე, GINO Holding-ისთვის საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება საინტერესოა, ამიტომ ჯგუფს, სავარაუდოდ, ახალი პროექტებიც ექნება.
“საქართველო ჰიდრორესურსების მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ გვაქვს მზის ენერგიაც, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. სლოვაკეთში მაქვს აშენებული ფოტო ელექტროსადგურები, სადაც წლიური მზიანი 1 100 საათია. საქართველოში კი, 1400-1600 საათია წელიწადში მზიანი და იმ ტერიტორიებზე არაფერი გვაქვს. ენერგეტიკაში „ჯინო ჰოლდინგის“ საინვესტიციო აქტივობები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომლის განხორციელება საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს შესძენს“, – განაცხადა GINO Holding-ის პრეზიდენტმა.
“ჯინო ჰოლდინგის“ პროექტს „გრინ ენერჯი“ ასრულებს; მზის პანელების მიმწოდებელი კი ჩინური კომპანია Yingli Solar იქნება.