Gino grant Hotel Melikishvili – ნოდარ გიორგაძის მორიგი €18-მილიონიანი ინვესტიცია ტურიზმში

სასტუმრო Gino grant Hotel Melikishvili 2025 წლის მეორე კვარტალში გაიხსნება. მულტიფუნქციური სასტუმროს პროექტზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონი ევროა და მშენებლობის დასრულება 2025 წლის მარტშია დაგეგმილი.
„ვფიქრობთ, 2025 წლის მეორე კვარტალში სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა. ეს იყო ერთ-ერთი რთული პროექტი სხვადასხვა მიზეზის გამო (ადგილმდებარეობა, ისტორიული შენობა) და ძალიან ფრთხილად ვაშენებდით. უკვე ფინალში გავედით და სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში მშენებლობას დავასრულებთ.
Gino grant Hotel Melikishvili იქნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ველნეს-სპა ცენტრით ფიტნესით და ყველა საჭირო მომსახურებით. მიწისქვეშ იქნება ბარი, კლუბური ცხოვრების მოყვარეულებისთვის. ასევე, მიწისქვეშ განთავსდება 79 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი – მოგეხსენებათ, თბილისში ეს როგორი გამოწვევაა“, – განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
რაც შეეხება სასტუმროს ბრენდს და მართვის საკითხებს, ინვესტორი ამბობს, რომ უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ Wyndham-თან, რომელსაც „ჯინო ჰოლდინგის“ სხვა სასტუმროებიც აქვს მართვაში აღებული. „ვფიქრობ, Gino grant Hotel Melikishvili-შიც Wyndham-ის რომელიმე 5-ვარსკვლავიანი ბრენდი შევა“, – დასძინა მან.
ქართულ-სლოვაკური სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის ნოდარ გიორგაძის ინფორმაციითვე, ბოლო 10 წელიწადში ჯგუფმა საქართველოში €110 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. როგორც ნოდარ გიორგაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, „ჯინო ჰოლდინგის“ ინვესტირების ძირითადი სფეროები ტურიზმი და გასართობი სექტორია.
„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ უკვე განხორციელებული მსხვილი პროექტებია:
1. აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ – ინვესტიციის მოცულობა 39 მლნ ევრო;
2. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე – ინვესტიციის მოცულობა 4,5 მლნ. ევრო;
3. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ მცხეთაში – ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. ევრო;
4. 5-ვარსკვლავიანი, სასტუმრო „ჯინო სისაიდ თბილისი“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე („ვინდჰემთან“ პარტნიორობით – ინვესტიციის) მოცულობა 21 მლნ. ევრო;

ასევე დაგაინტერესებთ