საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა “საქართველოს კაპიტალმა” (GCAP) ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი გაყიდა – ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. საუბარია კომპანია “გლობალ ბიერ ჯორჯიაზე”, რომელიც საქართველოში “ყაზბეგის” ლუდისა და ლიმონათის ბრენდების, ასევე “აისის”, “შავი ლომის”, საქართველოში “Heineken”-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. აღნიშნული ბიზნესის მყიდველი ნიდერლანდული კორპორაცია Royal Swinkels-ი გახდა. ჯგუფი ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 1.12 მილიარდი ევრო იყო. Royal Swinkels-ის უმსხვილეს ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი.
