GCCA: მომხმარებლისთვის საჩუქრის/პრიზის ილუზორული დაპირება არის უსამართლო კომერციული საქმიანობა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საკითხი შეეხება სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შეუსრულებლობას.
კერძოდ, 2024 წლის მარტის თვეში, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს ევალებოდა – სავაჭრო პოლიტიკის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ, რაც მოვაჭრის მხრიდან არაჯეროვნად შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ საქმის ხელახალი შესწავლა განახორციელა და „იქომერს.ჯორჯია 2023“-ს დარღვევა დაუდგინა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა – მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, მიწოდების ვადების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებლისთვის საჩუქრის/პრიზის ილუზორული(მოჩვენებით მაცდუნებელი, განუხორციელებელი) დაპირება მიჩნეულია უსამართლო კომერციულ საქმიანობად, რაც აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა. კერძოდ, მომხმარებელმა მოვაჭრისგან შეიძინა ნივთი, რომელსაც სააქციო პირობების შესაბამისად, საჩუქრად უნდა მოჰყოლოდა სარეცხის საშრობი და მომხმარებელს მაღაზიის ბალანსზე უნდა ასახოდა ნასყიდობის ფასის 20% ე.წ. ქეშბექის სახით. აღნიშნული ქეშბექით მომხმარებელმა შეიძინა ხორცის საკეპი მანქანა. მომხმარებლის განცხადებით, სააქციო პირობების შესაბამისად, დაპირებული საჩუქარი და ქეშბექის თანხით შეძენილი ნივთი დღემდე არ ჩაუბარებია. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა – 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
2024 წლის 10 თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 717 განაცხადი დაფიქსირდა. 138 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 70 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 44 მოვაჭრეს – 73 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 44 901ლარი. პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 143 საქმეზე – 121 შეთანხმება გაფორმდა.