Galt & Taggart – დეკემბერში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

Galt & Taggart-ის ცნობით, დეკემბერში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. როგორც „ს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Galt & Taggart-ის ცნობით,2023 წლის დეკემბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი 8.3%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 5.9%-იანი ზრდის შემდეგ.
„ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზარდა. ამასთან, ნომინალური მშპ წლიურად 10.2%-ით გაიზარდა და 79.7 მლრდ ლარი შეადგინა (30.3 მლრდ დოლარი), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 21.5%-ით გაიზარდა და 8,100 აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით – 6.0%-ით.
ინფლაცია
2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა 2023 წელს. დეკემბერში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება ძირითადად სურსათის ფასების წლიურმა 3.1%-იანმა კლებამ განაპირობა. ამასთან, საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 1.9% შეადგინა, ხოლო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი 3.6%-მდე შენელდა ნოემბერში დაფიქსირებული 3.8%-დან. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი.
მონეტარული პოლიტიკა
2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.0%-მდე შეამცირა, ინფლაციის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მიხედვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით იმოქმედებს. ჩვენი საბაზისო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე.
ლარის გაცვლითი კურსი
2024 წლის იანვარში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.2%-ით გამყარდა წინა თვესთან შედარებით და 2.68-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც სავალუტო შემოდინებების მდგრადობაზე მიუთითებს.
ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.0-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
იხილეთ ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2012-დან 2024 წლის ჩათვლით აქ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე