Foot Mercato: სიგიჟეა – “კვარა” გაამრავალფეროვნებს და შეცვლის პსჟ-ს

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია. ფრანგულმა Foot Mercato-მ ქართველს წერილი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეუძლია:
“პარი სენ ჟერმენი” შემტევი ფეხბურთელების დეფიციტს არ განიცდის, მაგრამ სერია A-ს ბოლო ორი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პრობლემებს გადაჭრის, რომელიც გუნდს სეზონის პირველ ნახევარში მრავლად ჰქონდა. პარიზულ კლუბს ის ზაფხულში 120 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს, ახლა კი 80 მილიონად შეიძინა და 40 მილიონი დაეზოგა. ხელში ჩაიგდეს იშვიათი მონაცემების ტალანტი: დრიბლიორი, საგოლე გადაცემების გამკეთებელი, იერიშების დამაგვირგვინებელი (107 მატჩში მის ანგარიშზე 30
გოლი და 29 საგოლე გადაცემაა), რომელსაც დიდი ტექნიკური უნარები გააჩნია – ეს სიგიჟეა.
თამაშობს მარცხენა ფლანგზე, ცენტრში, მარჯვენა ფრთაზე, უნივერსალია, ლიდერია, დახმარებას გაუწევს და პროგრესირებაში დაეხმარება ხანდახან ძალიან არასტაბილურ ბრედლი ბარკოლას და დეზირე დუეს. “ნაპოლის” საშინელ გასულ სეზონში “კვარა” მარტო მიუძღოდა პარტნიორებს წინ.
ხვიჩა გაამრავალფეროვნებს ლუის ენრიკეს შეტევით პოტენციალს, მთელ სისტემას შეცვლის, უსმან დემბელეს და აშრაფ ჰაკიმის უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცემათ. მან გოლები ორივე ფეხით, თავით და პენალტით გაიტანა. შედეგიანობის მხრივ ვიქტორ ოსიმენის შემდეგ საუკეთესო იყო, ხოლო სამ სეზონში მატჩში საშუალოდ საგოლე გადაცემების 85%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და ნეაპოლელ გულშემატკივრებს თავი შეაყვარა.
“კვარას” რა თქმა უნდა, შეუძლია მარჯვენა ფრთაზე პრობლემების მოგვარება, მაგრამ რამდენად საჭიროა 80 მილიონად ფეხბურთელის დამატება, რომელსაც თავის პოზიციაზე არ მოუწევს თამაში? პსჟ-ს პირველ რიგში ბომბარდირი სჭირდება, მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე, ხვიჩამ კი ამ სეზონში “ნაპოლიში” 17 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, ბარკოლაზე 1 გოლით მეტი გაიტანა (ბრედლიმ 16 შეხვედრა ჩაატარა) და თანაც, ბარკოლას და ნაკლებად ნიჭიერ დუეს პერსპექტივას აშკარად შეუზღუდავს. თუ ლუის ენრიკე ქართველს თავის უკეთ გამოჩენის შანსს მისცემს და საყვარელ მარცხენა ფლანგზე დააყენებს, ბარკოლას, რომელსაც უკანასკნელ ხანს რთული პერიოდი ჰქონდა, სათამაშო დრო შეუმცირდება”.