Fitch-ი ამბობს, რომ მმართველობის ხარისხი საქართველოში გაუარესდა – ნიკოლოზ შურღაიას განმარტება

„არ ვართ ჩვენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომ ყველაზე დიდი ტვინები ჩვენზე იყოს მომართული. ჩვენზე უფრო დიდი ქვეყნების შემთხვევაშიც მინახავს მაგალითი, რომ ყველაფერი კარგად არის და შემდეგ უცებ იცვლება რეიტინგი და ვარდება, რის გამოც ყოფილა შემთხვევა, რომ სარეიტინგო სააგენტოებს უჩივიან”,- ამის შესახებ ბიზნესის მრჩეველმა, ნიკოლოზ შურღაიამ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ Fitch-ის რეიტინგის მიმოხილვისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, მოვლენები სიღრმეში მეტად დრამატულად ვითარდებოდეს, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა.
შურღაიას თქმით, ანგარიშში ნახსენებია, რომ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი გაუარესებულია, რაც, ბუნებრივია, ინვესტორებზე გავლენას ახდენს.
„ვამბობ, რომ შესაძლოა, მოვლენები სიღრმეში იმაზე დრამატულად ვითარდება, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. სწორედ Fitch-ის ერთ-ერთი პარამეტრია მმართველობის ხარისხი, რაზედაც Fitch-ი ამბობს, რომ გაუარესდა.
საქართველოში, ბიზნესის დიდი წილის აქტივობა შედარებით მცირე ოდენობის კომპანიებზე, ამასთან სახელმწიფოს აქტივობაზეა დამოკიდებული. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ინერციას, სადაც ზრდა არის ჯანსაღიც და არაჯანსაღიც. მსოფლიო ბანკის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პროდუქტიულობა არ არის გაზრდილი. შესაბამისად, Total Factor Productivity-ის ზრდა, რომელსაც მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის ყველაზე სასარგებლო და ჯანსაღი ნაწილი უკავია, არ იცვლება და ზრდა ხდება მოხმარებით, ან ინვესტიციით, არ არის ხანგრძლივად დადებითი.
ინერცია მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, თუმცა მთავარია ვალის შედარებით დაბალი დონე, რადგან როდესაც ვალი დაბალია, უცებ არ გაბანკროტდები. ინვესტორების მიმზიდველობაზე ეს ერთ-ერთ ფაქტორი გავლენას ახდენს, თუმცა, არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, მათ შორის, მმართველობის ხარისხი, ანუ ქრთამს მოსთხოვენ თუ არა“, – აცხადებს შურღაია.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და მოლოდინი დამყარებულია იმაზე, რომ საქართველო მეტად გამჭვირვალე და მართული იქნება, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის. ამ შემთხვევაში, შურღაიას განმარტებით, როგორც შავი ფულის, ასევე საშუალო ფულის მფლობელებისთვის, რომლებსაც ევროპა და ბიზნესის კეთების სიიოლე ხიბლავთ, საქართველო საინტერესო ქვეყანა იქნება. თუმცა, მისივე თქმით, თუ ქვეყანა ევროპისკენ მიმავალი ლიანდაგიდან გადაუხვევს, სავარაუდოა, რომ სურათი მკვეთრად შეიცვლება.
„ერთია დეფოლტის რისკი (აღებული ვალის ვერ დაბრუნება) და მეორეა – რა პირობებით გასესხებენ ფულს. ჯერჯერობით, ჩვენი დეფოლტის ალბათობა მართვადია, თუმცა BB რეიტინგი, სამომავლოდ საკმაოდ დიდ ალბათობაზე მიუთითებს. შეიძლება შევცდე, თუმცა დაახლოებით 20%-იან ალბათობაზე მიუთითებს უახლოესი 5 წლის განმავლობაში, რაც პატარა არ არის.
ამიტომ, ევროკავშირის წევრობა/არწევრობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. არა მარტო ინვესტორების თვალსაზრისით, არამედ მოქალაქეების თვალსაზრისითაც“, – განმარტავს ბიზნესის მკვლევარი.
წყარო: bm.ge