FAZ: გერმანიაში ნასწავლი იურისტები საქართველოში დემოკრატიას ანადგურებენ

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერმანულ გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ში 13 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “გერმანელი დოქტორები თბილისიდან – როგორ ანგრევენ საქართველოში დემოკრატიას გერმანიაში ნასწავლი იურისტები”. სტატიის ავტორი ჟურნალისტი რაინარდ ვესერია.
სტატია FAZ-ის 2024 წლის 135-ე ნომერში, მე-8 გვერდზე გამოქვეყნდა.
“როდესაც პრემიერმინისტრი ირაკლი აპრილში ბერლინს ეწვია, ის გამართული გერმანულით საუბრობდა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცთან საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების განსაკუთრებულ ნაწილზე – 1990-იანებიდან ქართველი იურისტების გერმანიაში სისტემურ წვრთნაზე. “მეც და პარლამენტის სპიკერმა, იუსტიციის მინისტრმა, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მთავრობის ბევრმა სხვა პოლიტიკოსმა ისწავლა და უნივერსიტეტი დაასრულა გერმანიაში,” – თქვა კობახიძემ. “გერმანიაში ვისწავლეთ, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური უფლებები და სახელმწიფოს სუვერენიტეტი უმაღლესი საბაზისო პრინციპებია და განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყოს დაცული”.” – იხსენებს ვესერი კობახიძის სიტყვებს.
როგორც FAZ-ის სტატიაშია აღნიშნული, “ეს სიტყვები არამხოლოდ დიპლომატიური ჟესტი, არამედ იყო კობახიძის წინააღმდეგობის ნაწილი გერმანიის კანცლერისადმი, რომელმაც ცხადად გააკრიტიკა “უცხოური გავლენის” კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში წარადგინა რამდენიმე თვით ადრე”.
“კობახიძემ და გერმანული დოქტორის ხარისხის მქონე პოლიტიკოსებმა, რომლებიც მან ჩამოთვალა, გადამწყვეტი როლი შეასრულეს კანონის მიღებაში, რომელიც აგვისტოდან ამოქმედდება. და მათ, როგორც კობახიძემ ბერლინში, არაერთხელ უხსენებიათ საკუთარი გერმანული განათლება სხვადასხვა გარემოებებში ამ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის არგუმენტად: მესიჯი იყო, რომ სხვაგვარად ვერ იქნებოდა მათი მხრიდან, ვისაც ასეთი წარსული აქვს.” – წერია FAZ-ის სტატიაში.
ასევე გამოცემა წერს, რომ ეს არგუმენტი “მზარდად ავტორიტარული ქართული ოცნებისთვის” ძალაუფლების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რადგან მათი მხარდამჭერების დიდ ნაწილსაც ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
FAZ-ის სტატიაში განხილულია ის ქმედებები და უმოქმედობებიც, რაც საქართველოში რუსული კანონის დაწინაურებას მთავრობის წარმომადგენლების სადისერტაციო ნაშრომების ყოფილ ხელმძღვანელების მხრიდან მოჰყვა.
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელმა, ჰამბურგში დაფუძნებულმა აღმოსავლურ კანონთა ექსპერტმა, ოტო ლუხტეჰანდტმა აქამდე ცადა პროფესორთა ერთობლივი განცხადების ორგანიზება, მაგრამ მხოლოდ უარი მიიღო. საბოლოოდ, მან ღია წერილი დაწერა თავისი ყოფილი სტუდენტის მიმართ. დიუსელდორფელმა კონსტიტუციური სამართლის ექსპერტმა, მარტინ მორლოკმა, ვისთანაც პრემიერმინისტრი კობახიძე მუშაობდა დისერტაციაზე, სახელად “პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება და მათი თავისუფლება”, FAZ-ს უთხრა, რომ ის ყოფილ დოქტორანტ სტუდენტებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, რადგან “ეს იქნებოდა პატერნალისტური”
ერთ-ერთმა პროფესორმა ლუხტერჰანდტისთვის უარის თქმა იმით გაამართლა, რომ მას ამ საკითხზე არასაკმარისი “სამეცნიერო ცოდნა” ჰქონდა. თუმცა, არასდროს ყოფილა შეუძლებელი საქართველოს კანონის შინაარსისა და მისი ეფექტების დეტალური ინფორმაციის მოპოვება.” – წერს გერმანული გაზეთი.
სტატიის ავტორი გერმანელი პროფესორებისგან ქმედებას მოელის.
“პრემიერმინისტრმა მ ბერლინში თქვა, რომ ქართველი იურისტების გერმანიაში სწავლამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ეს ალბათ მართალია: საქართველოს დემოკრატიული განვითარება საუკუნის დასაწყისის შემდეგ თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა დასავლეთში გამოწვრთნილი სამართლის მეცნიერები. ის ფაქტი, რომ გერმანული სამართლის დოქტორები კობახიძე, პაპუაშვილი, ბრეგაძე და ოხანაშვილი დღეს გადამწყვეტ როლს თამაშობენ დემოკრატიის განადგურებაში, არ არის არგუმენტი მათი (რედ. აქამდე დასავლეთში ნასწავლი იურისტების) წარსული მხარდაჭერის წინააღმდეგ. თუმცა, შეუძლიათ ამ პოლიტიკოსების პროფესორებს, რომელთა გერმანიაში არსებული ავტორიტეტი ახლა ფუნდამენტურ უფლებათა ძირგამოსათრელად გამოიყენება, ეს ყველაფერი უპასუხოდ დატოვონ?” – წერია სტატიაში.