ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს ამზადებს. ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განუცხადა EUobserver-ს, რომ მუშაობა „დაიწყო, მაგრამ ის ძალიან ადრეულ ეტაპზეა“.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სანქციების შესახებ წინადადებები ზაფხულის დასაწყისშია მოსალოდნელი. კიდევ ერთმა დიპლომატმა გამოთქვა ეჭვი ვადების შესახებ „უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება [სამშვიდობო] მოლაპარაკებები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის“, – თქვა მან.
27 მარტს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ე.წ. მსურველთა კოალიციის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება ან გაუქმება უდროოა.
პარიზში 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა, პირიქით, განიხილეს სანქციების გამკაცრების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ე.წ. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემების მიმართ.
საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლს მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტს, რაც რუსი მწარმოებლების, ექსპორტიორებისა და საკვებისა და სასუქების გადამტანების წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება და როსელხოზბანკი დაუკავშირდება SWIFT-ის გადახდის სისტემას. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ამ პირობებს.
