EU-ს კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას – გიორგი კაჭარავა

სასამართლო სისტემა, კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოპოლიტიკური ვითარება – ეს ნაწილია იმ გამოწვევებისა, რაც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს.
ის, რომ საქართველო 15 დეკემბერს ელის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას EU-ს კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით, გიორგი კაჭარავას თქმით, საინვესტიციო მიმზიდველობის მხრივ ქვეყანას ახალ სტატუსს სძენს, რაც უკვე იგრძნობა ინვესტორების მხრიდან გაზრდილ ინტერესში.
„მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ევროპული კომპანია და დაიწყო აქტივობა საქართველოში. უკვე გვაქვს კონსულტაციები და ინტერესს გამოთქვამენ კომპანიები, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მომავალში მოიაზრება როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობა და დავიწყოთ კონკრეტულ პროექტებზე ფიქრი და ა.შ
ერთმნიშვნელოვნად ეს ხელს შეუწყობს, დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას. გარდა ამისა მნიშვნელოვანია მხარდამჭერი მექანიზმები, ევროკავშირის მხრიდან, ძალიან ბევრი მიმართულებით, ტექნიკური დახმარების, ასევე ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, რაც დამატებით მხარდაჭერა იქნება როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე კერძო სექტორის, რომ კონკრეტული მიმართულებით გაღრმავდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“,- აცხადებს კაჭარავა.
მისი თქმით, ქვეყანას არაერთი მიმართულებით აქვს გამოწვევები, რაც საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად მოქმედებს.
„ერთ-ერთი ინვესტორი, რომელიც გეგმავდა მსხვილი წარმოების გახსნას საქართველოში, ვერ შეძლო 500-მდე კვალიფიციური კადრის მოძებნა წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რის გამოც უარი თქვა, ინვესტიციის განხორციელებაზე.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაწყებული პროექტები დასრულდეს დროულად. ეს დამატებით ხელშემწყობი ფაქტორი იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ სფეროში საჭიროებენ მხარდაჭერას. რა თქმა უნდა სასამართლო რეფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს ისეთი სახით, რაც ძალიან სასიკეთო იქნება ყველასთვის.
ასევე არის მთელი რიგი მიმართულებები, რაც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია ხელს არ უწყობს დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას და ვფიქრობ, როცა ომი დასრულდება დამატებით გაიზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ“,- აცხადებს გიორგი კაჭარავა.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში FDI-მ მილიარდ 38 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია. მხოლოდ მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 316 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 504 მილიონი დოლარით, ანუ 61%-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი ინვესტიცია 9 თვის მდგომარეობით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში ჩაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ