EU-სთან თანამშრომლობით მუშაობისთვის რუსეთში 77 წლის ფიზიკოსს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 21 მაისს 77 წლის რუს ფიზიკოსს, ანატოლი მასლოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ სახელმწიფოს ღალატში ცნო.
ბრალდების მტკიცებით, მასლოვმა რუსული ჰიპერბგერითი იარაღის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოები ინფორმაცია უცხოეთში გაამჟღავნა. თუმცა, სამეცნიერო ჟურნალმა T-Invariant-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მეცნიერის დაკავება უკავშირდება მის მონაწილეობას ევროკავშირის ჰიპერბგერითი იარაღის კვლევის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ფიზიკოსის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა ს მეცნიერებათა აკადემიის ს ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტმაც, სადაც მასლოვი მთავარი მკვლევრის პოზიციაზე მუშაობდა.
დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მეცნიერმა ყველა ბრალდება უარყო.
იმ შემთხვევაში, თუ მასლოვი 14-წლიან სასჯელის მოხდას შეძლებს, მას თავისუფლებას კიდევ ერთი წლით შეუზღუდავენ, მასზე გავრცელდება კომენდანტის საათი, აეკრძალება მისი სამეზობლოს ტერიტორიიდან გასვლა და საჯარო ღონისძიებებზე დასწრება. პატიმრობის შემდეგ ფიზიკოსი თავის სფეროში მუშაობასაც ვერ შეძლებს, რადგან ორი წლით აკრძალული ექნება სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომა.
მასლოვი ღალატის ბრალდებით 2022 წელს დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მასთან ერთად ღალატის ბრალდებით დააკავეს პროექტში მონაწილე კიდევ რამდენიმე მეცნიერი. მასლოვის ადვოკატის, ოლგა დინზეს თქმით, თებერვალში ფიზიკოსმა ინფარქტი მიიღო, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.