ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ საქართველოში არსებულ ვითარებას და შესაძლო ზომებს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ.
უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასთან ერთად, საქართველოს საკითხი ერთ-ერთია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 15 ივლისის სხდომის დღის წესრიგში.
„საქართველოში სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ამას ჩვენი უმოქმედობაც აძლევს დამატებით სტიმულს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა სხდომის დაწყებამდე და დასძინა, რომ ახლა ევროპის მოქმედების დროა.
„უნდა მოვემზადოთ სანქციებისთვის ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩართული იყო პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაკავების ძალისხმევაში. საქმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ წამოიწყეს, სრულიად მიუღებელია. ჩვენი მხრიდან უნდა ვიმოქმედოთ დამატებითი სანქციებით, რეჟიმზე შემდგომი ზეწოლით, პოლიტიკური იზოლაციით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილი მხარდაჭერით, რადგან ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირის ნაწილად ყოფნას მოითხოვს. ჩემს საზოგადოებაშიც ვხედავ, რომ ლიეტუველი ხალხის 60%-ზე მეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და ორივე მხრიდან არსებობს შესაბამისი ვალდებულებები. საქართველოს ვალდებულებაა, დააკმაყოფილოს ადამიანის უფლებების სტანდარტები და ევროპული ქვეყნები ვალდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ საქართველოს ამ გზაზე,“ — განაცხადა ბუდრისმა.
ერთობლივი ზომების საჭიროებაზე ისაუბრა ლატვიამ, რომელმაც გუშინ საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე დაასანქცირა.
„ძალიან ვწუხვართ იმაზე, რაც საქართველოში პოლიტიკურად ხდება. არაერთი პრობლემაა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ოპონენტები ან პატიმრობაში იმყოფებიან, ან იძულებულნი გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებისგან, რადგან მხოლოდ ძლიერი ერთიანი პოზიცია შეიძლება იყოს ეფექტური. გვყავს მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნების საკმაოდ დიდი ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ პარტნიორს მოვიზიდავთ. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ხმამაღლა, მაგრამ მეტი ძალა გვჭირდება, თუ გვინდა, რომ საქართველოს მმართველ პარტიასთან ამჟამად რაიმე პროგრესს მივაღწიოთ,“ — განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არტომს ურსულსკისმა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ კასპერ ველდკამპის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
„მე მადარდებს საქართველოში მცხოვრები ხალხი. ვხედავ, რომ ბევრი ადამიანი ევროპული ჰორიზონტისკენ ისწრაფვის. ბევრი ადამიანი აფასებს უვიზო მიმოსვლას. უნდა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს. რასაც ვხედავ, ძალიან ფართოდ არის გაზიარებული შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ისინი ეწინააღმდეგება ქვეყნის კანდიდატის სტატუსს“, — განაცხადა ველდკამპმა.
„ვწუხვართ რამდენიმე ბოლო გადაწყვეტილების გამო და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეესაბამოს საკუთარი ხალხის მისწრაფებებს,“ — განაცხადა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ აღნიშნა, რომ ბუქარესტი ემხრობა ევროკავშირის მიერ ისეთი ზომების მიღებას, რომელთა გაუქმებაც მომავალში შესაძლებელი გახდება, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ევროპული გზის სჯერა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ რუმინეთის შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. რუმინეთი აღარ გასცემს დიპლომატიურ პასპორტებს საქართველოსთვის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ამავე დროს ჩვენს ქვეყანაშიც გვაქვს გამოცდილება, რომ უმნიშვნელოვანესია, მოქალაქეები იყვნენ წახალისებული, მხარი დაუჭირონ ევროპულ გზას. ისინი მხარს უჭერენ მათი დემოკრატიის გამძლეობას, და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ზომებს. თუმცა მხოლოდ პროპორციულ ზომებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში გვჯერა საქართველოს ევროპული გზისაც,“ — განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.
მან ასევე თქვა, რომ რუმინეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის პროცესშია. საქართველომ და რუმინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია 2022 წელს გააფორმეს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ არსებობს 15-კაციანი სია, რომელში შემავალ პირთა სანქცირებას ის ევროკავშირის მინისტრებს სთავაზობს. ამავდროულად, კალასმა თქვა, რომ ბრიუსელიდან თბილისს გამოუგზავნეს წერილი ხელისუფლების მიერ დათქმულ ვადაში შესასრულებელი პირობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში უვიზო რეჟიმი შეჩერდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსენსუსი სჭირდება, რასაც უნგრეთი ბლოკავს. უფრო მარტივად, უმრავლესობით შეუძლია ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს ცნობას, რომ კაია კალასის მიერ ნახსენები წერილის ვადა 31 აგვისტოა.
