EU-მ ცალსახად უნდა თქვას, რომ „რუსული კანონის“ შემდეგ არ იქნება მოლაპარაკებების გახსნა – ფონ კრამონი

გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროკავშირმა ცალსახად უნდა განუმარტოს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ხურავს კარებს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ, ვინაიდან ამის შემდეგ არ იქნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ან ევროკავშირში ინტეგრაციის სხვა ფორმა.
ევროპარლამენტარი ამის შესახებ განცხადებას X-ზე აქვეყნებს.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არა მისი მთავრობის წყალობით, არამედ ასეთი მთავრობის მიუხედავად მიენიჭა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისათვის გამოჩენილი გამბედაობის დამსახურება იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩვეულებისამებრ მოიტყუა – პირობა დადეს, რომ არ დაუბრუნდებოდნენ კანონს, რომელიც ერთი წლის უკან გაიწვიეს, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. ეს არის ანტიევროპული და პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ბოლო წლებში მმართველი პარტია ატარებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს და მოსკოვში ოლიგარქების ხელმძღვანელების სიამოვნებას.
კანონპროექტის მიზანი მხოლოდ პროდემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთის აგენტებად შერაცხვა და საზოგადოების თვალში მათი სანდოობის შერყევაა, რათა „ქართულ ოცნებას„ საშუალება მიეცეს, რომ ქართული დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა განაგრძოს.
უთქმელადაც ცხადია, რომ ს აგენტები, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის და ფართოდ არიან წარმოდგენილი ქვეყანაში, უფლება მიეცემათ ფარული ოპერაციები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გააგრძელონ“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.