EU-ის წევრობა საქართველოს ტურიზმისთვის კარგი რეკლამა იქნება – ერეკლე კოკაია

„Inn ჯგუფის“ სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ტურიზმისთვის კარგი რეკლამა იქნება. ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას – რატომ გვჭირდება EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
– კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ველოდებით, არის მორიგი ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება, ევროკავშირის წევრობა – ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე – ბიზნესისთვის. მაგალითად: ბევრად ხელმისაწვდომი გახდება საბანკო სესხები, რომელზედაც დამოკიდებულები ვართ; აგრეთვე ტურიზმისთვის კარგი რეკლამაა ევროკავშირის წევრობა – EU-ის წევრი როცა ხარ, ეს უკვე ნიშნავს სხვა ლიგაში თამაშს და შესაბამისად, შეგიძლია სხვა სტანდარტები გქონდეს როგორც ინდუსტრიაში და ა.შ.
– საქართველოს განვითარებისთვის რა სჭირდება?
– განვითარებისთვის ბევრი რამ გვჭირდება, მაგრამ პირველ რიგში, მაინც განათლებას გამოვყოფდი; არა მხოლოდ აკადემიურს, არამედ პროფესიულს, არაფორმალურს… ქვეყანა, სადაც მოსახლეობა მართლა განათლებულია, იქ ყველა სექტორი ვითარდება და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით, საქართველოში ცოტა მეტი ინვესტიციები განხორციელდება.
– წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
– არაპროფესიონალიზმს. სამწუხაროდ, ყველგან – კერძო სექტორში თუ საჯაროში – ვაწყდებით არაპროფესიონალიზმს. ამბიციები მაღალია, მაგრამ რეალობა ამბიციებს ვერ უტოლდება.