პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს. ამასთან ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო 2030 წელს იქნება ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების იმ დონეზე, როდესაც ევროკავშირი შესაძლოა, აქეთ შეეხვეწოს გაწევრიანებას.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს თარიღი — 2030 წელი — დიდი ხნით ადრე თქვა, ვიდრე ევროკავშირი, როგორც გარკვეულ ზღვარს იტყოდა ევროპულ კონტექსტში. ჯერ კიდევ 2011 თუ 2012 წელს ითქვა. იმიტომ რომ საქართველოს გრძელვადიანი გეგმა აქვს, 2030 წელს იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რომელიღაც ეტაპზე ევროკავშირის ესა თუ ის ქვეყანა, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიტიური გადაწყვეტილების იმედი როგორ უნდა გვქონდეს, ადამიანი აქ მიტინგებზე დადის… ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველით. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ ჩვენი განვითარება გვქონდეს, ჩვენ გავუსწროთ ევროკავშირს ეკონომიკური განვითარების ტემპებით“, — განაცხადა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველო უსწრებს ყველა კანდიდატ ქვეყანას ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარებით, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებს — ეკონომიკური ზრდის ტემპებით.
„ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ ევროკავშირის წევრობა გვინდა, იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენ განვვითარდეთ და როცა განვვითარდებით, ეკონომიკურად და ინსტიტუციურად 2030 წელს ვიქნებით იმ დონეზე, რომელზეც ვიქნებით, შეიძლება იქით შეგვეხვეწოს კიდევ ვიღაც, რომ შევიდეთ ამა თუ იმ გაერთიანებაში და შევიზღუდოთ თავი. იმიტომ რომ გაერთიანების წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც, სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. თქვენ რა გგონიათ, ევროკავშირის წევრები დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან… უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? იმიტომ რომ შენგენის სივრცის ნაწილი ვიქნებით და საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე და ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, იმას საქართველოში ვერ შემოვუშვებთ. ერთ მხარეს რომ დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს დგას ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. დღეს რომ გავწევრიანდეთ, ღვინის სექტორი ჩამოეთრევა“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი არაკეთილსინდისიერს უწოდებს ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა.
„ასეთ კარგაღებულ ნატოსთან ვდგავართ უკვე რამდენიმე წელია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წვერი, რომლითაც მოვიგებთ და არა წავაგებთ. დღეს რომ გავხდეთ [წევრი] იმ რეგულაციებით, რომელიც ერთბაშად უნდა შემოვიდეს, ჩვენს ეკონომიკას დავანგრევთ. ჩვენ ვვითარდებით, ეკონომიკურად ვართ პირველი ქვეყანა, ევროკავშირის ვერცერთი წევრი და კანდიდატი ქვეყანა ვერ გვასწრებს ეკონომიკური ზრდის ტემპით. 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე წინ და გარწმუნებთ, მერე შეიძლება იქით შეგვეხვეწონ ევროკავშირის წევრობას“, — დასძინა პაპუაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებიდან, საქართველოს უყურებს როგორც ჭკუის სასწავლებელ პატარ ძმას უყურებს. კითხვაზე, რომ საქართველოს სურვილი იყო დიდ ქვეყნებთან გაერთიანებაში ყოფნა და ევროპული ოჯახის წევრობა რათა დაცულობა ჰქონოდა.
„კი ჩვენი სურვილი არის, მაგრამ ჩვენ დაცულები საბჭოთა კავშირშიც ვიყავით და ჩვენი საზღვრები არ ირღვეოდა. დაცულობა იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა ჩამოგვივიდნენ შემდეგ ესტონელი ან ლიეტუველი პოლიტიკოსები და „დიდი ძმის“ ტონით გვესაუბრონ. როგორც ჩანს, იმდენი უყურეს მოსკოვს თავის დროზე, ახლა ცდილობენ მოსკოვის როლი შეგვისრულონ… ზუსტად იგივე რიტორიკა, ზუსტად იგივე სტილი აქვს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის დაზუსტებაზე, რომ ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს თუ არა, პაპუაშვილმა თქვა, რომ მსგავსება არის და ეს არ ნიშნავს ტოლობას.
„გერმანელებს აქვთ გამონათქვამი, რომ ვაშლს და მსხალს ერთმანეთს ვერ შეადარებ. ის სხვა ხილია, ის სხვა ხილია, მაგრამ რაღაც ნიშნებით შეიძლება ყოველთვის შედარება. ეს არ ნიშნავს ტოლობას, მაგრამ აჩვენებს დამოკიდებულებას. ეს აგდებული ტონალობა, წარმოგიდგენიათ რას კადრულობენ? ჩამოდიან და აქ მიტინგს აწყობენ. აქ ხომ წერტილი ესმება ევროპას, როგორც ასეთს. რუსეთს ამას არ ედავებიან, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ერევა? თუ ამას ედავებიან, თვითონ ხომ უფრო ფრთხილი უნდა იყვნენ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს რუსული ოკუპაციის საპირწონედ მოჰყავს „პოლიტიკური ინტერვენცია“, რომელიც თითქოსდა ევროკავშირის მხრიდან არის.
„ხომ არის სამხედრო ინტერვენცია და პოლიტიკური ინტერვენცია. როდესაც პოლიტიკური ინტერვენცია გაქვს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევი, საარჩევნო კამპანიაში ერევი, ამას რა უნდა დავარქვათ? ყველაფერი მარტო ტანკით და რაკეტებით ხომ არ წყდება. არის ასევე პოლიტიკური ინტერვენცია. ზოგიერთს უნდა ითამაშოს დიდი ძმის როლი და ჩვენ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვაწერდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია, რომ დიდი ძმა გვეთამაშონ, რევიზორების როლი ჰქონდეთ. ვისაც არ ახსოვს საბჭოთა წარსული, წაიკითხონ, მეორე მდივანი რას ნიშნავდა რესპუბლიკებში — მოსკოვიდან დანიშნული, რომელიც ყველაფერს გიკონტროლებდა… ცალ ფეხზე დგომა არ გვინდა. ზოგიერთმა მათ შორის ევროპაში, ვერ გააცნობიერა რა მოხდა აქ 26 ოქტომბერს — ქართველი ხალხი გამოვიდა და ზუსტად ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების პოლიტიკას უთხრა უარი. ევროკავშირში ჩვენ ხომ ეკონომიკური განვითარებისთვის გვინდა და სანქციებით განვვითარდებით? ევროპისთვის რომ დაგვეჯერებინა ორი წლის უკან, დღეს ვიქნებოდით გაღატაკებული ქვეყანა. ეს არის ევროინტეგრაცია?“, — განაცხადა პაპუაშვილმა.