ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ვალენსიაში მიმდინარე კონგრესზე მიიღო გადაუდებელი რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
რეზოლუცია სახელწოდებით „სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მოსახლეობის მიმართ და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა“ ხაზს უსვამს დემოკრატიის უკუსვლას არაერთი მიმართულებით, მათ შორის აღნიშნავს, რომ „არალეგიტიმურ მთავრობას 52 პოლიტპატიმარი ჰყავს ტყვეობაში, მათ შორის დამოუკიდებელი ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება“.
რეზოლუციით ევროპის სახალხო პარტია:
· გამოხატავს სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობის მიმართ;
· ღრმა სინანულს გამოთქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა საქართველოსთვის, როგორც კანდიდატ ქვეყნისთვის მინიჭებული ისტორიული შანსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის;
· გმობს „ქართული ოცნების“ ქმედებებს, ავტორიტარიზმისკენ გადახრას და რუსეთის ორბიტისკენ სვლას;
· მოითხოვს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას;
· მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის აღსრულება და დაასრულოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ;
· გმობს „საქართველოს ხელისუფლების“ მხრიდან სანდო სამოქალაქო ორგანიზაციებზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევას;
· მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გამოძიებას პოლიციის სისასტიკისა და ძალადობის გადამეტებული გამოყენების ფაქტებზე, რათა ყველა დამნაშავე სამართლებრივად აგოს პასუხი;
· მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გამოაცხადოს კონკრეტული თარიღი ახალი, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად;
· მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიმართ განსაზღვროს მკაფიო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება ორ პრინციპს: ა) გადაიკეტოს რეჟიმის ფინანსური წყაროები, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ყველა შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს ეთხოვოს, შეაჩერონ თანამშრომლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები და ბ) სანქციები დაეკისროს რეჟიმის მმართველ, ფინანსურ და პროპაგანდისტულ ელიტებს;
· მოუწოდებს ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას საქართველოს ვალდებულებების დარღვევის ფონზე;
· მოუწოდებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსა და პარტნიორებს, დაუყოვნებლივ შემოიღონ კოორდინირებული ორმხრივი პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, კომპანიებისა და მხარდამჭერთა ქსელის წინააღმდეგ; გაყინოს ივანიშვილის ყველა აქტივი ევროკავშირში;
· მოუწოდებს საბჭოს, გადადგას ნაბიჯები ივანიშვილის „ქართუ ბანკის“ SWIFT-ისა და Visa/MasterCard-ის ქსელებიდან გასათიშად;
· ევროკავშირისგან მოითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ოფიციალურ პირებზე და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპონენტების დევნაზე — სანქციები უნდა გავრცელდეს ასევე პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტან მოსამართლეებზე, სამართალდამცველებზე, ფინანსურ მხარდამჭერებზე და პროსამთავრობო მედიის მფლობელებზე;
· მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს მთავრობისთვის გაყინული 120 მილიონი ევრო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზე გადაამისამართოს;
· მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, ასევე ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს, არ აღიარონ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტისა და მისი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა და აღიარონ სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი.
EPP-ის კონგრესში მონაწილეობენ ევროპის სახალხო პარტიის წევრები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
„დღეს „ევროპის სახალხო პარტიამ“, ყველაზე გავლენიანმა ევროპულმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია საქართველოზე. ეს არის ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ეს იყო იმ ტიპის კონგრესზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, ჩვენ ყველა ამ ადამიანს შევხდით იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი. ევროპა მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე”, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ
