DRI: აქციის მონაწილე ამბობს, რომ “ხარება” სახეში აფურთხებდა, აგინებდა, ემუქრებოდა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ადვოკატის, ანა გახოკიძის თქმით, აქციის ერთ-ერთ მონაწილე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე “ხარებამ”, მასზე ფიზიკურად იძალადა.
“ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ე.წ. რობოკოპები და შემდგომ სპეციალური სამსახურის რაზმის წევრები.
დაკავებული, რომელიც ამჟამად იმყოფება ბოკერიას სახელობის კლინიკაში, არის მძიმედ დაშავებული, იგი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რობოკოპებთან ერთად განახორციელა ზვიად ხარაზიშვილმა, “ხარებამ”.
ამ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდგომ, ხარება მივიდა მასთან, პერიოდულად, როდესაც ის გონებას კარგავდა და შემდგომ უბრუნდებოდა ცნობიერება, ხარება მიმართავდა გინებით, უღებდა ტელეფონით, აფურთხებდა სახეში, ემუქრებოდა ანგარიშსწორებით” – ამბობს ადვოკატი.
DRI სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს დააკავეს. ორგანიზაციის ცნობით, მათგან 12 სასტიკად ნაცემია.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინტიტუტის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს. 2024 წლის 16-17 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამართლებრივ დახმარებას უწევს აქციის 13 მონაწილეს, რომლებიც დარბევის დროს უკანონოდ დააკავეს. მათგან 12 სასტიკად ნაცემია. დაკავებულებს აღენიშნებათ სხეულის მძიმე დაზიანებები.
DRI-ს შეფასებით, 16-17 აპრილს დაკავებულების მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.
DRI მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები, შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება – უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს – გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროდ გავრცელებული ვიდეო კადრებით დასტურდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი, შეწყვიტოს მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ საქმის წარმოება და მიუთითოს მათი დაკავების უკანონობაზე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – სრულყოფილად, ობიექტურად და გონივრულ ვადაში გამოიძიოს -ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები და, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკანონოდ დაკავებულ დემონსტრანტებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი” – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ