კომუნიკაციების კომისიამ ინტერნეტზე ფასების გაზრდით „მაგთიკომის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის შესწავლა და მოკვლევა დაიწყო – ინფორმაციას კომისია ავრცელებს.
საქმე ეხება „მაგთიკომის“ გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, 1 ივნისიდან მობილური ინტერნეტის პაკეტების, ხოლო 1 აგვისტოდან ფიქსირებული ინტერნეტის ფასები გაძვირდა. კერძოდ: „მაგთიკომმა“ მობილური ინტერნეტის პაკეტი „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“ 9 ლარიდან, 11%-ით, 10 ლარამდე, „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“ კი 32 ლარიდან, 9%-ით – 35 ლარამდე გააძვირა. კომისიის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, აღნიშნული პაკეტების აქტივაციების რაოდენობა ყოველთვიურად „ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“-ს შემთხვევაში 499 ათასს, ხოლო „ულიმიტო ინტერნეტ-თვე“-ს შემთხვევაში – 144 ათასს შეადგენს. შესაბამისად, კომპანია აღნიშნული პაკეტების აქტივაციების ამ რაოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, თვიურ შემოსავალს ჯამურად დაახლოებით 931 ათასი ლარით გაზრდის.
ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში „მაგთიკომის“ გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით იმ აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტ შეთავაზებით ან ინტერნეტს + IPTV მომსახურებით სარგებლობენ, მომსახურების ტარიფი 3 ლარით გაუძვირდათ. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ცვლილება დაახლოებით 456 ათას აბონენტს შეეხო, რაც, აბონენტების შენარჩუნების შემთხვევაში, „მაგთიკომის“ თვიურ შემოსავალს დაახლოებით 1.37 მილიონი ლარით გაზრდის. ცვლილებამ ფასზე ცალკემდგომ ინტერნეტ პაკეტზე თბილისში 8%-იანი, ხოლო რეგიონებში 10%-იანი ზრდა, კომბინირებულ შეთავაზებაში კი 4%-დან 9%-მდე გაძვირება გამოიწვია. მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტ პაკეტებზე ფასების გაძვირებამ კომუნიკაციების კომისიაში მომხმარებელთა მომართვიანობა გაზარდა.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ პირველადი შეფასება გააკეთა, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის შესახებ გონივრულ ეჭვი წარმოშობს. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, დომინანტური მდგომარეობა განისაზღვრება ბაზარზე კომპანიის საბაზრო წილის, ასევე მისი კონკურენტების საბაზრო წილების, ბაზარზე შესვლის ბარიერების, წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ხელმისაწვდომობის, ქსელური ეფექტებისა და ასევე, საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად კი მათ შორის, არასამართლიანი ფასის ან არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენა, წარმოების, ბაზრის ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებლის ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა, ასევე პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების დაწესება და მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება ჩაითვალოს. „მაგთიკომის“ მიერ განხორციელებული ქმედებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის იკვეთება სურათი, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არასამართლიანი ტარიფების დაწესებასა და შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესწავლის მიზნით, საქმის მოკვლევა დაიწყო – ნათქვამია ინფორმაციაში.
