საქართველოს ბანკსა და „Bene Group”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც BOG-ის $5.5 მილიონიანი დაფინანსებით, ლოგისტიკური კომპანია გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, 13 000 კვ.მ. ფართობის სასაწყობე კომპლექსს ააშენებს. როგორც “ბენე ჯგუფის” დამფუძნებელი, გიორგი გოგლიძე BMG-სთან აღნიშნავს, კომპანიის მიზანი ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსებაა.
“საქართველოს ბანკს განვითარების გეგმა წლის დასაწყისში წარვუდგინეთ. მემორანდუმი ამ გეგმის გაგრძელება და დადასტურებაა, რაც, ძირითადად, სასაწყობე მეურნეობების განვითარებას მოიცავს. ეს მიმართულება ქვეყანაში პრობლემურია, დიდი საწყობი რომ დაგჭირდეს, ფაქტობრივად, არც არსებობს. ამ დარგში ვართ და ვფიქრობთ, რომ ლოგისტიკა დღეს ქვეყანაში წამყვანი მიმართულებაა, ამიტომ ყველამ, და მით უმეტეს ბანკებმა, მხარი უნდა დაგვიჭირონ ამ დეფიციტის მალე შევსებაში”, – ამბობს გიორგი გოგლიძე.
“ბენე ჯგუფის” დამფუძნებლის თქმით, ბანკისა და ლოგისტიკური კომპანიის საერთო პროექტი A კლასის სასაწყობე მეურნეობის გახსნას ითვალისწინებს, რაზეც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება.
გიორგი გოგლიძე აღნიშნავს, რომ ლოგისტიკურმა კომპანიამ ჯამურად საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ₾50 მილიონი აითვისა და წლის ბოლომდე 50 000 კვ.მ. ფართობის დასრულებულ პროექტებს ჩაიბარებს. კომპანიის მიზანი ამ მოცულობის 100 000 კვ.მ-მდე ზრდაა.
2025 წლის გეგმებზე საუბრისას “ბენე ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია ლოგისტიკურ ცენტრს ფოთში გახსნის, რადგან საქართველოში ამ მიმართულებით საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნა მზარდია.
“საერთაშორისო კომპანიების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რის გამოც ფოთში ვაშენებთ ლოგისტიკურ ცენტრს. მიმდინარეობს მიწის სამუშაოები და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე დავასრულებთ. შუა დერეფანი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და საქართველოც, რაც უფრო იძაბება გარშემო ვითარება, უფრო აქტუალურია. საერთაშორისო კომპანიები მაღალ სტანდარტებს ითხოვენ, ჩვენ კი გვსურს, ამ მოთხოვნებს მოვერგოთ.
სამომავლოდ გვსურს შევიძინოთ უფრო მეტი ტექნიკა, გამწევები, რაც ძალიან გვჭირდება. განვიხილავთ ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას ნატახტარშიც”, – ამბობს გიორგი გოგლიძე.
