BGA-ს შემდეგ დამფუძნებელი დირექტორის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას BIST–ის თანამშრომლებიც გმობენ.
“თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის” (BIST) თანამშრომლები სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურად გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას, სკოლის დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან პოტენციური გათავისუფლების გამო.
ნათია ჯანაშიას თანამდებობაზე ინვესტორ კომპანიას მისთვის სასურველი კანდიდატურის დანიშვნა სურს, რომლის რეპუტაცია და კომპეტენცია, ნათია ჯანაშიას გუნდის მოკვლევის შემდეგ, ეჭვის ქვეშ დადგა.
სს „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილმა „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გათავისუფლება მას შემდეგ მოისურვა, რაც სკოლის დამფუძნებელმა ინვესტორი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
BIST–ის თანამშრომლების განცხადებას უცვლელად გთავაზობს:
“ჩვენ, “თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის” (BIST) თანამშრომლების უმრავლესობას, გვსურს ოფიციალურად გამოვხატოთ ღრმა შეშფოთება ჩვენი დამფუძნებლისა და დირექტორის, ქალბატონი ნათია ჯანაშიას პოტენციური გათავისუფლების შესახებ.
დაარსების დღიდან, ჩვენი სკოლის მთავარი ღირებულება მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლება და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ დღესდღეობით, BIST ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც სასკოლო საზოგადოების (მოსწავლეები, მშობლები, თანამშრომლები) წევრთა ურთიერთობა ემყარება პატივისცემას, ერთმანეთზე ზრუნვასა და მხარდაჭერას.
გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ ახალი დირექტორის დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებითაც, რომელიც არ წარმართულა სასკოლო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებთან კონსულტაციით და ჩვენთვის მისაღებ გამჭვირვალე პირობებში. დასახელებულ კანდიდატს არ გაუვლია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შერჩევის არც ერთი საფეხური (ინტერვიუები თანამშრომლებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან).
გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, რომ ჩვენი დირექტორის, ქალბატონი ნათიას თანამდებობიდან გადაყენება, რომელთანაც წლებია პოზიტიური და პროფესიონალური ურთიერთობა გვაკავშირებს, დამაზიანებელი იქნება სკოლისა და მისი საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქალბატონ ნათიას, რომ განაგრძოს საქმიანობა თბილისის “ბრიტანული საერთაშორისო სკოლის” დირექტორის თანამდებობაზე”, – ნათქვამია BIST–ის თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.
(R)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/01/schnias-1-6B6MYC-300x169.jpeg)