BINANCE-მა MGX-ისგან $2-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა (bm.ge)

მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟამ საინვესტიციო რაუნდი ჩაატარა, რომლის ფარგლებში აბუ-დაბიში ბაზირებული ტექნოლოგიური ინვესტორისგან $2 მილიარდი მოიზიდა. როგორც BINANCE-ში ამბობენ, ინვესტიცია რამდენიმე ფაქტორითაა გამორჩეული. ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც კრიპტოკომპანიას ოდესმე მიუღია და თან, ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც სრულად კრიპტოვალუტის, კერძოდ სტეიბლკოინის გამოყენებით შედგა. ამასთან, ეს პირველი ინსტიტუციური ინვესტიციაა, რომელიც BINANCE-მა ამ დრომდე მოიზიდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები BINANCE-ისთვის ნაცნობი ბაზარია, რადგან კომპანიის 5,000-თანამშრომლიანი სამუშაო ძალის მეხუთედი სწორედ ამ არაბულ სახელმწიფოშია ბაზირებული. კრიპტოკომპანიის ეს გადაწყვეტილება, დიდწილად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ხედვას ემთხვევა, რომლის თანახმად, მომდევნო დეკადებში UAE გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერად, ხოლო დუბაი — რეგიონულ კრიპტოჰაბად უნდა იქცეს.
თავად MGX-ი ემირატული კომპანიაა, რომლის ფოკუსი ისეთ ტექნოლოგიებში ინვესტირებაა, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ნახევარგამტარები, დატაცენტრები, პროგრამული უზრუნველყოფა და ბიომეცნიერება. BINANCE-ში ინვესტირებით, MGX-ის პორტფელში ასევე გამოჩნდა კრიპტო და ბლოკჩეინი. როგორც BINANCE-ში ამბობენ, MGX-თან თანამშრომლობით ინოვაციები AI-ის, ბლოკჩინის და ფინანსების მიმართულებით დაინერგება. BINANCE-ის გარდა, MGX-ის პორტფელში OpenAI-ის და xAI-ის ვხვდებით. ფონდის თავმჯდომარე შეიხ ტაჰნუნ ბინ-ზაიედ ალ-ნაჰიანია.
BINANCE-ი კი მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟაა, რომელსაც 260 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. კრიპტობირჟის ჯამური სავაჭრო ბრუნვა $100 ტრილიონს აღემატება და ამ მაჩვენებლით, BINANCE-ი რეიტინგში მის შემდეგ მყოფ რამდენიმე კომპანიას ერთად უსწრებს. BINANCE-ის საკუთრებაა კრიპტოვალუტა BNB, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $84.5 მილიარდს აღემატება, რითაც ის მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.
წყარო: bm.ge