ხვალინდელი შეხვედრა თეთრ სახლში პირველ ეტაპზე მხოლოდ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს, ხოლო ევროპელი ლიდერები მას მოგვიანებით შეუერთდებიან. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, შეხვედრა პირისპირ გამართოს ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში თან ახლავს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ტეტა-ტეტ მოლაპარაკებები დასრულდება, მათ შეუერთდებიან ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლები,“ – წერს გამოცემა.
Bild-ის ინფორმაციით, მერცისა და ფონ დერ ლაიენის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე.
დაგეგმილია ერთობლივი სამუშაო ვახშამი და განხილვა გაფართოებულ ფორმატში.