აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოKent Nishimura / Bloombergგამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ კუბა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში 5 000-მდე მებრძოლით დაეხმარა, რასაც თან ახლდა “მოსკოვისადმი დიპლომატიური და პოლიტიკური მხარდაჭერაც”.
Axios-ის მიხედვით, აშშ-მ პირდაპირ მიანიშნა, რომ კუბის რეჟიმი სამხედროებით რუსეთის მხარდაჭერაში იღებს მონაწილეობას.
“საჯარო მონაცემები არ ამტკიცებს, რომ ჰავანამ კუბელი მებრძოლები ოფიციალურად გაგზავნა, თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ნიშნები, რომ რეჟიმი გაცნობიერებულად უშვებდა, ხელს უწყობდა ან შერჩევითად ახალისებდა [სამხედროების] ნაკადს.” – წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამასთან, Axios-ს სახდეპის სპიკერმა განუცხადა, რომ “კუბის რეჟიმმა ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა, რათა ისინი რუსეთ-უკრაინის ომში პაიკები არ გამხდარიყვნენ.”
ანგარიშის მიხედვით, რომელიც კონგრესში კომიტეტებს 8 აპრილს გაუგზავნეს, “კუბელები წარმოადგენენ უცხოელი მებრძოლების ერთ-ერთ უდიდეს ამოცნობად ჯგუფს, რომლებიც უკრაინაში რუსულ სამხედრო ოპერაციებს მხარს უჭერენ.”
“მონაცემები განსხვავდება, მაგრამ ღია წყაროს ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ნებისმიერ მომენტში უკრაინაში 1 000-დან 5 000-მდე კუბის მოქალაქე იბრძვის.” – ციტირებს ანგარიშს გამოცემა Axios.
ამასთან, სახდეპის ანგარიშის მიხედვით, “უკრაინული სადაზვერვო წყაროები მიიჩნევენ, რომ უშუალოდ უკრაინის ფრონტზე რამდენიმე ათასი მათგანია განლაგებული.”
ამერიკელმა სენატორმა, ტედ კრუზმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ “კუბის რეჟიმი ამერიკის ინტერესებს მთელ მსოფლიოში უთხრის ძირს.”
“როცა და თუ პრეზიდენტი ტრამპი მათ ჩანაცვლებამდე მივა და, ჩემი აზრით, ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე – გვიან, ეს ძალიან კარგი დღე იქნება აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის.” – ამბობს სენატორი კრუზი.
გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეპორტიორებს კუბის აღების შესაძლებლობაზე ესაუბრა და განაცხადა, რომ კუბის აღების პატივი, სავარაუდოდ, მას ერგება.
ტრამპი: მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი