გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირანი გამოვიდა წინადადებით, შეხვედრა სტამბოლიდან ომანში გადაეტანათ და დღის წესრიგში დარჩენილიყო მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის განხილვა და ამოეღოთ ბალისტიკური რაკეტების, გასამხედროებული დაჯგუფებების მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების საკითხები. აშშ-ის წარმომადგენლებმა ეს წინადადება 4 თებერვალს უარყვეს.
„ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ან ეს, ან არაფერი, მათ კი თქვეს: კეთილი, მაშინ არაფერი“, განუცხადა Axios-ს აშშ-ის მაღალჩინოსანმა. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ თუ თეირანი დათანხმდება თავდაპირველ ფორმატში დაბრუნებას, აშშ მზადაა, შეხვედრა ამ კვირაში ან მომავალ კვირაში ჩაატაროს.
„ჩვენ გვსურს, სწრაფად მივაღწიოთ რეალურ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ვარიანტების განხილვას დაიწყებენ“, დასძინა წყარომ და მიანიშნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სამხედრო ძალის გამოყენების არაერთ მუქარაზე.
გაეროში ირანის მისიამ არ უპასუხა გამოცემის მოთხოვნას კომენტარის თაობაზე. ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას განიხილავს, მაგრამ იანვრის ბოლოს მან გამოაცხადა თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების დაწყება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდგომი გადაწყვეტილებები მათ შედეგზე იქნება დამოკიდებული.
გარდა ამისა, ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ირანის უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის „შეშფოთება მართებს“.
„მე ვიტყოდი, რომ ის ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, დიახ. როგორც იცით, ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, თქვა ტრამპმა.




