ASTRA: თბილისში ეკატერინბურგიდან ჩამოსული რუსი მიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს 40 წლის ალექსანდრ კოროვნიკოვი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეკატერინბურგიდან საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა.

გავრცელებული ცნობებით, კოროვნიკოვთან დაკავშირება 1-ელი იანვრიდან ვერ ხდებოდა და ის ბოლოს 30 დეკემბერს ჰყავდათ ნანახი, აღმაშენებლის გამზირზე. პოსტებში ასევე წერდნენ, რომ კოროვნიკოვს ეპილეფსია ჰქონდა და 31 დეკემბრამდე, სავარაუდოდ, ნორიოს ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში ცხოვრობდა.

ASTRA-ს მიხედვით, ალექსანდრის მამასთან საუბარზე დაყრდნობით მისმა მეგობარმა 30 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოროვნიკოვი მოკლული იპოვეს, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მხრიდან მიმდინარეობს რუსეთში ცხედრის გადასასვენებლად საჭირო პროცედურების გავლა.

“საშას მამას ველაპარაკეთ. საშა მოკლული იპოვეს. საქართველოში რუსეთის საელჩოს ამჟამად ცხედარი რუსეთში გადაჰყავს. ინფორმაცია საშას მამისგან მივიღეთ.” – დაწერა მეგობარმა 30 იანვარს.

ტელეგრამ არხები წერენ, რომ გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ან ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.

ASTRA წერს, რომ კოროვნიკოვი ეკატერინბურგში დაიბადა და ურალის ფედერალური უნივერსიტეტი დაამთავრა. 2022 წლის შემოდგომაზე კი საქართველოში ემიგრირდა, რის შემდეგაც მუშაობა თეატრში დაიწყო.