Ancient Valley-ს გზავნილი ევროპაში

კომპანია Ancient Valley რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. Ancient Valley-ის ვენახები ხვანჭკარის მიკროზონაში, სოფლებში: ძირაგეულსა და საკეციაში 23 ჰექტარზეა გაშენებული. სოფელ ძირაგეულში აშენდა ღვინის ქარხანაც, სადაც კომპანია ყოველწლიურად 150 000 ბოთლს ღვინოს აწარმოებს ექსპორტზე გასატანად. ღვინის წარმოების ტექნოლოგია კლასიკური ევროპულია. ევროპული სტანდარტია კომპანიის მთავარი ორიენტირი ღვინის შექმნის, უცხოეთის ბაზარზე გატანის, საქმიანობის პროცესში კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვის ყველაზე ეტაპზე.
Ancient Valley-ის ისტორია იმით დაიწყო, რომ რამდენიმე წლის წინ კომპანიის დამფუძნებელი საქართველოს დედაქალაქიდან თავის მშობლიურ კუთხეში, რაჭაში დაბრუნდა და ვაზის ენდემური ჯიშების გაშენება დაიწყო. მათ შორისაა ალექსანდროული, მუჯურეთული, ზელშავი, რაჭული თეთრა, ცოლიკაური და უსახელოური. Ancient Valley-ის ფილოსოფიად სრულყოფილებისკენ სწრაფვა, უწყვეტი განვითარება და თითოეულ ყლუპში გამოხატული რეგიონის ხასიათი იქცა.
კომპანიის მიზნების, მდგრადობის პრიორიტეტების, ბიზნესისთვის ევროპერსპექტივის მნიშვნელობაზე Ancient Valley- ის გაყიდვების მენეჯერი ნია გაბუნია საუბრობს.
მოგვიყევით კომპანიის საქმიანობის შესახებ. რა როლი აქვს კორპორაციულ მდგრადობას თქვენს ბიზნეს საქმიანობაში?
ჩვენი კომპანია ღვინის ინდუსტრიაში დაახლოებით სამი წელია ოპერირებს და აქვს ორი: ადგილობრივი და საექსპორტო ხაზი. კომპანიის პროდუქცია გადის ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და ამერიკაში ლიმიტირებული რაოდენობით, რამდენადაც ჩვენ გვიჭირავს მცირე მარნის ნიშა. ორიენტირებული ვართ, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზეც. უცხოეთში ჩვენი ღვინო Ancient Valley-ის ბრენდის ქვეშ გადის, ადგილობრივ ბაზარზე კი გვიცნობენ როგორც „ველეულას.“ეს სახელწოდება რაჭის პატარა სოფლიდან, ველევიდან მოდის, სადაც წყაროს ჰქვია ველეულა. გვინდოდა რაჭასთან ყოფილიყო ასოცირებული სახელი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა კომპანია ვართ და ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოვჩნდით, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ კორპორაციული მდგრადობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის. ვცდილობთ ეს მიმართულება მაქსიმალურად გავამყაროთ, გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ.
ექსპორტს თუ ახორციელებთ? რა რაოდენობის ღვინის ექსპორტს ახდენთ და რომელ ქვეყნებში?
გასული ვართ გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთსა და ამერიკაში. მოთხოვნა ნელ-ნელა გაიზარდა, ვცდილობთ ევროპის მეტი ქვეყნის დაფარვას და ამერიკულ ბაზარზე გაფართოებას. კომპანიის გაყიდვების უდიდესი ნაწილი საექსპორტო ხაზს უჭირავს, მოთხოვნასთან ერთად დატვირთულობაც იზრდება. ექსპორტზე ყოველწლიურად დაახლოებით 150 000 ბოთლი ღვინო გადის, ადგილობრივი ბაზრისთვის კი 50 000 ბოთლი ღვინოა განკუთვნილი. ესაა ის რესურსი, რაც კომპანიას ამჟამად აქვს მოსავლიანობის გათვალისწინებით, თუმცა ქარხანას გაცილებით მეტის წარმოებისა და ჩამოსხმის შესაძლებლობა აქვს, რაც ჩვენს გაფართოებაზეა დამოკიდებული. მცირე ვენახები გვაქვს კახეთში, მანავის მიკროზონაშიც. ჩვენს გეგმებშია ქარხნის კახეთში აშენებაც, რომ ეს მხარეც მოვიცვათ.
რა უნდა გააკეთოს მეწარმემ იმისთვის, რომ მისმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს საექსპორტო მოთხოვნები? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში კომპანიის მიერ კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვით საქმიანობა?
მეწარმე, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს ხარისხზე. მცირე მარნები ჩვენი კორპორაციული მდგრადობით მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს მოთხოვნის გაზრდას, რაც ავტომატურად აისახება ექსპორტის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და მასთან ერთად ქვეყნის იმიჯი დამოკიდებულია ხარისხზე. წლების წინ მხოლოდ მასობრივი წარმოების კომპანიების ღვინოები გადიოდა ბაზარზე, რადგან მცირე მარნებს არ ჰქონდათ ამის საშუალება. კორპორაციული მდგრადობის დანერგვამ, განვითარებამ, ცნობიერების ამაღლებამ გაზარდა მცირე მეწარმეების როლი. ეს სამომავლოდ კიდევ მეტ პერსპექტივას აჩენს, რომ კორპორაციული მდგრადობის ზრდასთან ერთად, ქართულ ღვინოზე, ქართულ კულტურაზე მოთხოვნა გაიზარდოს საექსპორტო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ნიშაა მაღალხარისხიანი ღვინო, პარალელურად, ადაპტირება უნდა შევძლოთ ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დასაცავად ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა შევისწავლოთ, ავითვისოთ, ვადაპტირდეთ და ადგილობრივი ბაზრიდან საექსპორტო ბაზარზე შევძლოთ ჩვენი პროდუქტების გატანა და რეალიზაცია.
რა სახის დახმარება სჭირდებათ მეწარმეებს ყველაზე მეტად იმისთვის, რომ შეძლონ ევროკავშირის ან სხვა ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე შესვლა? რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ პროცესში?
სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მცირე მეწარმეებზე კრედიტების, გრანტების გაცემის თვალსაზრისით, რადგან მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. უნდა არსებობდეს კონკრეტული ჯგუფი ან სააგენტო, რომელიც ინდივიდუალურად იმუშავებს იმ მეწარმეებთან, მეღვინეებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ განვითარდნენ, ექსპორტზე გაიტანონ ღვინო. ეს ჯგუფი თუ სააგენტო დაეხმარებოდა მეღვინეს დოკუმენტაციის წარმოებაში, დაბალპროცენტიანი, მეტად ხელმისაწვდომი კრედიტებისა თუ სესხების აღებაში. ღვინის გატანას ბევრი დეტალის ცოდნა სჭირდება. გარდა იმისა, რომ ხარისხიანი ღვინის წარმოება უნდა უზრუნველყო, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ექსპორტზე დროულად და ყველა პირობის დაცვით გატანაც.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართული ბიზნეს სექტორისთვის?
კანდიდატის სტატუსი არამარტო ბიზნეს სექტორისთვის, მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ქვეყნის სტაბილურობაზეა მიბმული დანარჩენი ყველაფერი. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე Ancient Valley-ის აქვს ევროპული მიმართულება. ნებისმიერი ქართული კომპანიისთვის, რომელიც ახლა იწყებს ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობას და კომპანიის გაზრდა-გაფართოებას გეგმავს, ეს წარმატება არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვზოგავთ, რომ ჩვენი კომპანიისა და გუნდის სახელით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საერთო საქმეში და გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სტაბილურობის, დემოკრატიის, ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მხრივ. ეს პერსპექტივა ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ჩართულობაც ამ პროცესში არის მაქსიმალური.
რას ურჩევდით იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნეს საქმიანობას. რა უნდა გააკეთონ მათ იმისთვის, რომ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის შეტანა და გაყიდვა? რა სტანდარტების/რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ, მათ შორის მდგრადობის სტანდარტების, და რა მნიშვნელობა აქვს ამ სტანდარტების დანერგვას კომპანიის წარმატებისთვის?
ღვინო და მეღვინეობის სფერო არის განსაკუთრებით საფრთხილო. ჩვენ ყველას გვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები ან ნაცნობები, რომლებსაც თავიანთი ვენახები და ღვინის ბიზნესი აქვთ. ცხადია, ყველას მოგვწონს ჩვენი გაკეთებული, მაგრამ ღვინის წარმოება დელიკატური საკითხია. დღეს ღვინის დასამზადებლად სრულიად განსხვავებული, ევროპული ტექნოლოგიები გამოიყენება. ღვინის გაცვლამ, პრაქტიკამ, ევროპაში გაყიდვებმა, ექსპერტებმა, რომლებიც ჩამოდიან და ძალიან ბევრ რამეს გვასწავლიან, გვაჩვენა, რას ნიშნავს რეალურად ხარისხიანი ღვინო.
ამიტომ ყველა კომპანიისთვის ჩვენი რჩევა იქნება არ იჩქარონ ექსპორტზე ღვინის გატანა, დააკვირდნენ ღვინის მდგრადობას, ძალიან ბევრი დეტალი და წვრილმანია გასათვალისწინებელი. ღვინის შექმნა ერთია და მისი მდგრადობის შენარჩუნება – მეორე. რა თქმა უნდა, იმის ცდუნება დიდია, რომ ჩამოასხა, ეტიკეტი დააკრა და საზღვარზე გაიტანო ღვინო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თუნდაც ერთი კომპანიის მიერ გატანილი არასათანადო ღვინის 1000 ბოთლი აზიანებს ქვეყნის ისტორიას, სხვა მარნებს და ნიშნავს ჩვენი ქვეყნის არასწორად წარდგენილ კულტურას. ამიტომ დიდი სიფრთხილე და პასუხისმგებლობის გაცნობიერება გვმართებს. პირველივე მცდელობით შეიძლება ვერ მივიღოთ საუკეთესო ღვინო, მაგრამ ასე ვსწავლობთ და გამოცდილებას ვიძენთ.