Amnesty International და Human Rights Watch აქვეყნებენ ანგარიშს, რომელიც აღწერს იმ სისასტიკეს, რისი გადატანაც ირანელ მომიტინგეებს ბოლო კვირების განმავლობაში მოუხდათ. ანგარიში ასახავს 8 იანვრამდე პერიოდს.
- ანგარიშში ბევრ ნიუანსზეა საუბარი, მათ შორის ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო მაღალჩინოსნებმა მომიტინგეებს “აჯანყებულები” უწოდეს და “სასტიკი დარბევის” პირობა დადეს.
“2026 წლის 3 იანვარს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე, 11 მომიტინგე მოკლეს, უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ “აჯანყებულებს თავიანთი ადგილი უნდა მიუჩინონ”. იმავე დღეს ლორესტანის პროვინციის IRGC-ის კორპუსმა განაცხადა, რომ ტოლერანტობის პერიოდი დასრულდა და პირობა დადო, რომ დასჯიდა აჯანყებულებს და დემონსტრაციის ორგანიზატორებს”, – ვკითხულობთ Amnesty International-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2026 წლის 5 იანვარს, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა დაავალა პროკურორებს, მომიტინგეების მიმართ არ გამოეჩინათ ლმობიერება და სასამართლო პროცესი დაეჩქარებინათ.
Amnesty International წერს იდენტიფიცირებულ 28 მსხვერპლზე, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობები. ოფიციალური პირები აიძულებდნენ ზოგიერთი მსხვერპლის ოჯახის წევრებს გამოჩენილიყვნენ სახელმწიფო მედიაში, რათა სიკვდილი უბედური შემთხვევისთვის მიეწერათ, ან მკვლელობა მომიტინგეებისთვის დაებრალებინათ. დაემუქრნენ შურისძიებით და ასევე უთხრეს, რომ თუ არ დაემორჩილებოდნენ, მათ საყვარელ ადამიანებს ფარულად დაკრძალავდნენ და ცხედრებს არ გადასცემდნენ.
- Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა დაადგინეს, რომ მომიტინგეები ძირითადად მშვიდობიანები იყვნენ. ორგანიზაციებმა გადახედეს ზოგიერთ ვიდეოჩანაწერს და ანგარიშს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ზოგიერთმა მომიტინგემ ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, თუმცა გაირკვა, რომ არ არსებობდა სიცოცხლისთვის გარდაუვალი საფრთხე ან სერიოზული დაზიანებები, რაც გაამართლებს სახელმწიფო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.
Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, ყველაზე სისხლიანი რეპრესიები თავდაპირველად იყო ლორესტანისა და ილამის პროვინციებში.

ლორესტანის პროვინციის მომიტინგემ Amnesty International-ს განუცხადა, რომ 2026 წლის 1 იანვრის საღამოს, უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მომიტინგეებს აზადეგანის მოედანზე, ოლქის გუბერნატორის ოფისთან. Amnesty International წერს ვიდეოს შესახებ, სადაც მათი ცნობით, ჩანს როგორ ესვრის სამთავრობო ძალების წარმომადგენელი მომიტინგეებს. ხალხის დაშლის შემდეგ, ზოგიერთი მომიტინგე ხელახლა შეიკრიბა ახლომდებარე პოლიციის განყოფილების გარეთ, სადაც უსაფრთხოების ძალებმა კვლავ გახსნეს ცეცხლი.
ილამის პროვინციაში, მალექშაჰიში მომიტინგემ Amnesty International-ს განუცხადა, რომ 2026 წლის 3 იანვრის შუადღისას, ასობით მშვიდობიანი მომიტინგე შოჰადას მოედნიდან ბასიჯის ბაზისკენ გაემართა. სამთავრობო ძალებმა ბაზის შიგნიდან ცეცხლი გახსნეს და ისროდნენ. სამი-ოთხი ადამიანი მყისიერად მოკლეს, ბევრი კი დაშავდა. მომიტინგეები სრულიად შეუიარაღებლები იყვნენ.
ინფორმირებული წყაროების ცნობით, სამი მომიტინგე – რეზა აზიმზადე, ლატიფ კარიმი და მეჰდი ემამიპური – მყისიერად მოკლეს. კიდევ ორი, ფარეს (მოჰსენ) აღა მოჰამადი და მოჰამედ რეზა კარამი, მიყენებული ჭრილობებისგან მოგვიანებით გარდაიცვალნენ.
კერმანშაჰის პროვინციის ჯაფარაბადის რაიონში რეზა ღანბარი და ორი ძმა, რასულ კადივარიანი და რეზა კადივარიანი, 2026 წლის 3 იანვარს მოკლეს.
- ადამიანის უფლებათა დამცველის თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამთავრობო ძალებმა, რომლებიც სამი თეთრი მანქანით მივიდნენ, ტყვიები ესროლეს ძმებს, რომლებიც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ მომიტინგეების ჯგუფთან ერთად.
ჩაჰარმაჰალისა და ბახტიარის პროვინციებში, აჰმად ჯალილი და საჯად ვალამანეში უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს საპროტესტო აქციების დროს 2026 წლის 1 იანვარს, ხოლო სოროუშ სოლეიმანი ჰაფშეჯანში 2026 წლის 3 იანვარს. Amnesty International-მა და Human Rights Watch-მა შეისწავლეს მათი ცხედრების ფოტოები, რომლებზეც ჩანდა ლითონის ტყვიების ჭრილობების კლასიკური ნიმუშები.
ცნობისთვის, დღეს უკვე ატასობით მოკლული მომიტინგის შესახებ საუბრობენ, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ადასტურებს, რომ ასობით ადამიანია გარდაცვლილი. სხვადასხვა წყაროების ცნობით, მსხვერპლი შესაძლოა 12 000-დან 20 000-მდე იყოს. ასევე დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი.




