საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან მძიმედ ტოქსიკური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებას და ამაზე მმართველი პარტიის რეაქციებს შეშფოთებით ეხმაურება.
Amnesty International შეძრულია დაშინებისა და თავდასხმის იმ ტალღით, რაც ექსპერტებზე, მოწმეებზე, ჟურნალისტებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე წამოვიდა მას მერე, რაც BBC-ის გამოძიებით გაცხადდა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიძლება სახიფათო, სავარაუდოდ აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ.
განცხადება ორგანიზაციამ დღეს, 5 დეკემბერს გამოაქვეყნა და ნეტგაზეთი მის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს ხელისუფლების შემაძრწუნებელ რეაგირებას იმ დაშვებაზე, რომ შესაძლოა, მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩასახშობად პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები იქნა გამოყენებული, უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოძიება და სრული ემბარგო ყველა სახის საპოლიციო აღჭურვილობაზე.
2025 წლის 1 დეკემბერს BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა When Water Burns („როცა წყალი წვავს“) წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული წყლის ჭავლის მანქანებიდან ხალხს შესაძლოა ბრომობენზილ ციანიდთან შერეულ წყალს ასხამდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროიდან ცნობილი ცრემლსადენი გაზი, რომელიც ასევე ცნობილია სახელით „კამიტი“, მავნე ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა და შეუძლია გამოიწვიოს დამწვრობა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება და სხვა სერიოზული, ხანგრძლივი დაზიანებები. გამოძიების მიგნებები ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც მანამდე უკვე გამოთქვეს ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებმა და Amnesty International-მა, რომლებიც აქამდეც მიუთითებდნენ, რომ 2024 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ სავარაუდოდ ტოქსიკური ქიმიკატები იყო გამოყენებული.
საქართველოს ხელისუფლების მყისიერი რეაქცია იყო ბრალდებების უარყოფა. მმართველმა პარტიამ BBC-ის დოკუმენტური ფილმი საჯაროდ შეაფასა, როგორც „აბსურდული და ცრუ მტკიცებების“ გამავრცელებელი, თავად BBC-ის კი „სიყალბის გამავრცელებელი მედიაორგანიზაცია“ უწოდა. BBC-ის მასალის გაცნობის შემდეგ საზოგადოებრივი აღშფოთების პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ გამოძიებას იწყებდა. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გადაედგა ნაბიჯები ფაქტების დასადგენად და წარმოდგენილი მტკიცებულებების გადასამოწმებლად, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა“ და „უცხოური ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ეჭვით, საქართველოს ხელისუფლებამ ის ექსპერტები, მოწმეები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები ამოიღო მიზანში, რომელთა ინტერვიუებიც ამ დოკუმენტურ ფილმში იყო ნაჩვენები.
„საქართველოს ხელისუფლება ამ სერიოზულ ბრალდებებს ფრანც კაფკასეული ღონისძიებების კომბინაციით პასუხობს: ერთი მხრივ, დაშინებისა და ანგარიშსწორების ტალღა მოწმეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, ვინც გამოჩნდნენ; მეორე მხრივ კი მტკიცებულებების სრული უარყოფა და „აბსურდად“ გამოცხადება. ამ ყველაფრის პარალელურად კი იქმნება ილუზია, თითქოს საპროტესტო აქციებზე მიღებული დაზიანებების გამოძიება მიმდინარეობს“, — განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის მოადგილემ.
ექსპერტებზე, მოწმეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მიზანმიმართული ზეწოლა
BBC-ის ფილმის გასაჯაროების შემდეგ, ექსპერტები, მოწმეები და ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებმაც ინფორმაცია გაუზიარეს ჟურნალისტურ გამოძიებას, სუს-ში გამოსაკითხად დაიბარეს, მათ შორის ისეთი პროცედურების ფარგლებში, რომლებიც, როგორც წესი, მძიმე სისხლისსამართლებრივ საქმეებზე გამოიყენება. ხელისუფლებამ მათი ჩვენებები შეაფასა, როგორც შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და რეპუტაციას აზიანებს.
2 დეკემბერს, დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლიდან 24 საათზე ნაკლებ დროში, გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელმაც ქიმიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი მომიტინგეები შეამოწმა. ჟურნალისტებთან მათი კომუნიკაციის შესახებ გამოიკითხნენ ჩახუნაშვილი და მისი კოლეგები, დავით ჩახუნაშვილი და გელა გუნაშვილი, რომლებიც ასევე თანაავტორები არიან კვლევისა. კვლევა კი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული ტოქსიკური ქიმიკატების შედეგად მიღებულ ზიანს აფასებს.
მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ წარმომადგენლები, რომელთაც BBC-ის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია გაუზიარეს.
„ჟურნალისტებთან ინფორმაციის გაზიარების „მტრულ საქმიანობად“ მონათვლით, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისა და დაზარალებულების „სახელმწიფო ინტერესების“ მტრებად წარმოჩენით, ხელისუფლება ძირს უთხრის გამოძიების სანდოობას და ცდილობს შეაკავოს გამოხატვის თავისუფლება“, — განაცხადა დენის კრივოშეევმა.
პასუხისმგებლობის დაკისრებისა და საპოლიციო აღჭურვილობაზე სრული ემბარგოს მოთხოვნა
სუს-ის ხარვეზიანი გამოძიება წარმოადგენს საერთო პრაქტიკის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს სამართალდამცავებს პასუხისმგებლობა აარიდოს. Amnesty International-მა არაერთხელ დააფიქსირა, რომ მართლმსაჯულება სისტემურად გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების დაუსჯელად დასატოვებლად.
„ექსპერტებისა და მოწმეების დაშინება, ამ ვარაუდების გამოძიების მიმართ ხელისუფლების მახინჯი მიდგომები კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის დამოუკიდებელ საერთაშორისო კონტროლს“, — განაცხადა დენის კრივოშეევმა.
„Amnesty International მოითხოვს საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის შექმნას პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ტოქსიკური ქიმიკატების შესაძლო გამოყენებისა და 2024 წლის აქციების დროს საქართველოს სამართალდამცავთა მიერ ძალის უკანონო გამოყენების სხვა შემთხვევების გამოსაძიებლად, ასევე ორგანიზაცია ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ფაქტების დამდგენ მისიას.“
ამასთან, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიიღონ მკაცრი ზომები, მათ შორის, სრულად დაწესდეს ემბარგო საქართველოსთვის სამართალდამცავთა აღჭურვილობისა და იარაღის გადაცემაზე, რაც პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება.
„სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანისთვის ზიანის მოტანის შესაძლებლობის მქონე აღჭურვილობა არ მიეწოდოს იმ მთავრობას, რომელმაც უკვე დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“, — განაცხადა დენის კრივოშეევმა.
ამავე თემაზე გაეცანით Human Rights Watch-ის განცხადებას და ასევე წაიკითხეთ:
რა არის “კამიტი” და რა ეფექტი აქვს მას საჯარო და სანდო წყაროების მიხედვით




