Amazon-ის შემოსავალი 143.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 143.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც თითქმის $1 მილიარდით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
გარდა ამისა, გაზრდილია Amazon-ის საოპერაციო მოგებაც, რომელმაც 2024 წლის პირველ სამ თვეში 10.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის Cloud-მიმართულების, AWS-ის მხრიდან დაგენერირებული შემოსავლის მოცულობა $25 მილიარდს აღწევს და წელს მოსალოდნელია, რომ ის $100 მილიარდს გადააჭარბებს. AWS-ის დრამატული ტემპით ზრდის ფონზე, ინვესტორები საფონდო ბირჟაზე მისი ცალკე განთავსების პერსპექტივას აქტიურად განიხილავენ.
Amazon-ის ფინანსური შედეგები გაუმჯობესებულია ფაქტობრივად ყველა ძირითადი მიმართულებით, განსაკუთრებით კარგი შედეგები კი ელექტრონული კომერციის პლატფორმას აქვს, რომელიც მსოფლიოში უპირობო ლიდერია.
Amazon-ის აქციების ფასი, მაისის შუა რიცხვების მდგომარეობით, $175.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.74-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.
ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებული კომპანიის საბაზრო შეფასება 1.850 ტრილიონ დოლარს აღწევს და უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ