AI ადამიანს სრულად მხოლოდ ამინდის პროგნოზში ანაცვლებს – Gartner

ბევრი დაიწერა იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, სამუშაოების მთელი კატეგორიები საერთოდ აღარ იქნება საჭირო, ადამიანები დაკარგავენ სამუშაოს და მათ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. მაგრამ რა მოხდება, თუ უფრო სტრატეგიული მიდგომით განვსაზღვრავთ, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, რომ უფრო კრეატიულები და პროდუქტიულები გავხდეთ? ამ კითხვას Gartner-ი სვამს და საკუთარი კვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ AI უმრავლესი ამოცანის შესრულებაში ადამიანს ვერ ჯაბნის.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი გამორჩეულია კონკრეტულ ამოცანებში, მას არ გააჩნია ადამიანებისთვის დამახასიათებელი ფართო ინტელექტი, ემოციები და კრეატიულობა. რამდენ ხანში შეიძლება ველოდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი აჯობებს ადამიანებს? პროგნოზები განსხვავებულია, ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს 2045 წლისთვის, ზოგი კი თვლის, რომ ეს საერთოდ არ მოხდება.
Gartner-ის პროგნოზით ხელოვნური ინტელექტი ვერ აჯობებს ადამიანს ბევრ საქმიანობასა და პროფესიაში. Gartner-ი წინასწარმეტყველებს, რომ 2026 წლისთვის AI-ს გავლენა სამუშაო ადგილებზე ნეიტრალური იქნება.
Gartner-ის მონაცემებით, AI სრულად ჯობნის და ანაცვლებს ადამიანს მხოლოდ ამინდის პროგნოზირებაში, საერთოდ ვერ ჩაანაცვლებს ისეთ საქმიანობაში, სადაც საჭიროა მორალური და ეთიკური მსჯელობა, ახალი სამეცნიერო თეორიის შემუშავება, ასევე – თავის მოვლა და თერაპია;
AI-ს და ადამიანის ერთობლივი მუშაობა იქნება საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საქმეში;
ადამიანის როლია პრიორიტეტული ასევე ბესტსელერების დასაწერად, მუსიკის შესაქმნელად და ფინანსური ანალიზისთვის. ბოლო 2 შემთხვევაში ადამიანი სამუშაოში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასაც შეძლებს;
რაც შეეხება სამედიცინო დიაგნოსტიკას, მანქანის მართვას, ხმისა და სახის ამოცნობას, თარგმნას, ვიდეო თამი შეჯიბრს – ხელოვნური ინტელექტი იქნება წამყვანი და ამ საქმიანობებში ადამიანის როლი მინიმალური იქნება.