Abzas Media-ს ქალი ჟურნალისტები ბაქოდან 250 კილომეტრში კოლონიაში გადაიყვანეს

Abzas Media-ს ჟურნალისტები სევინჯ ვაგიფგიზი, ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან აზერბაიჯანის სამხრეთში, ბაქოდან 250 კილომეტრში მდებარე გურუმბას სოფლის სასჯელაღსრულებით კოლონიაში გადაიყვანეს.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ჟურნალისტები და მათი ახლობლები თვლიან, რომ მსჯავრდებულთა შორეულ კოლონიაში მოთავსება მიკერძოებული გადაწყვეტილებაა, ხოლო იურისტები ფაქტის არაკანონიერებაზე საუბრობენ.
2-25 წლის 20 ივნისს Abzas Media-ს ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს 7,5-დან 9 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოში მათ ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს რომ მათ პროფესიული საქმიანობისა და კორუფციის შემთხვევათა გამოძიების გამო სდევნიან. 9 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
„გოგონებს მხოლოდ დილის 09:00 საათზე აცნობეს, რომ სხვა ადგილას გადაჰყავდათ. მოსამზადებლად ერთი საათი მისცეს. არ იცოდნენ, სად მიჰყავდათ, სანამ ლენქორანში არ მიიყვანეს“, – უთხრა გამოცემას ვაგიფგიზის დედამ.
მისი თქმით, ჟურნალისტები მათ შორეულ კოლონიაში გადაყვანას პოლიტიკურ ზეწოლად და გარე სამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირების მცდელობად აღიქვამენ.
„ჩვენთვის, ახლობლებისთვისაც ეს დისკომფორტს ქმნის. ბაქოდან ლენქორანამდე 250–300 კილომეტრია, იქიდან კიდევ სოფელში უნდა წავიდეთ. ადვოკატებსაც გაუჭირდებათ იქ მისვლა“, – აღნიშნა მაგერრამოვამ.