იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.
მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქირავნე ვალდებულებას არ შეასრულებს, მის გამოსახლებას აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება და მხარეებია მასზე წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები.
“ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ბინა ადამიანმა და მოქირავნე აღარ გამოდის. აი რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?! ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. კი ბატონო, შემდგომში იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც დაახლოებით შეიძლება ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც ყოვლად დაუშვებელია”, – თქვა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია როდის წარუდგენენ ინიციატივას პარლამენტს.