მიხეილ სააკაშვილი – ვერთვები კამპანიაში როგორც „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენელი – აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ თავი გადავდო სამშობლოსთვის – ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის საარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენლის სახელით ერთვება.
ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
„დღეს პირველადაა, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში. უშუალოდ ვერთვები როგორც „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენელი. ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ. მინდა ყველას შევახსენო, რომ კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს. ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოემზადოს არჩევნებში მისასვლელად. ამათ უნდათ დაბალი გამოცხადება, რათა მოახერხონ ბევრის ჩაყრა. როცა მთელი ტალღა და ცუნამი მოვა, ვერაფერს შეძლებენ. ამათ უნდათ ახლა ვითომ სიტუაციის ჩაცხრობა. ესენი რობოტებივით არიან, საჭიროა რუსეთთან დაწოლა, დაუწვებიან რუსეთს; საჭიროა ევროპის ლანძღვა, გალანძღავენ ევროპას. რაც მთავარია, მათ არ უყვართ ქართველი ხალხი. ქართველ ხალხს აღარ დაედგომება საკუთარ ქვეყანაში. ისინი არიან ღრმა დეპრესიაში. ელიტის ნაწილი ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, მეორე ნაწილი კი იმაზე, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს მათაც შეუბრუნდეს ეს ყველაფერი ცუდად, დღევანდელი ხელმძღვანელის მხრიდან. ამ სიტუაციას, ამ არასტაბილურობას უნდა მოვუღოთ ბოლო. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, თავისუფლება ყველაფერს დაალაგებს. საქართველო უნდა იყოს ოლიგარქის გავლენის გარეშე; საქართველო რა თქმა უნდა, იყოს ევროპაში და მაშინ ყველანი მონახავთ საერთო ენას. ყველას წინ გვაქვს დიდი ბრძოლა. განწყობილი ვარ ამ ბრძოლისთვის როგორი ფიზიკური პრობლემებიც არ უნდა მქონდეს და პერიოდულად ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, მაქვს. იცოდეთ ერთი რამ – მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ თავი გადავდო სამშობლოსთვის და თითოეული თქვენგანისთვის. ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გამარჯვებას წინ ვერაფერი აღუდგება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.