ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა გამოაქვეყნა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაანონსებული ინტერვიუ.
ინტერვიუს დაწყებამდე კარლსონმა განაცხადა, რომ იგი ძირითადად ომს ეხება და ხაზი გაუსვა:
„ინტერვიუს დასაწყისში ყველაზე ცხადი კითხვა დავსვით: რატომ გააკეთეთ ეს [შეიჭერით უკრაინაში]? პასუხად პუტინმა რუსეთის ისტორია მოგვიყვა [..] საბოლოოდ დავასკვენით, რაც ჩვენ ვნახეთ, მიგვაჩნია, რომ გულწრფელია, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა – ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ რუსეთს აქვს უფლება დასავლეთ [სავარაუდოდ, იგულისხმება აღმოსავლეთი] უკრაინის ტერიტორიებზე“.
ამავე დროს, დაპირების მიუხედავად, კარლსონს თითქმის არ დაუსვამს მწვავე კითხვები – მაგალითად, ევგენი პრიგოჟინზე, ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტვაზე, იმაზე, რომ ნეონაცისტური დაჯგუფებები რუსეთის მხარეზეც იბრძვიან, პოლიტპატიმრებზე და ა.შ.
ისტორიის ლექცია
ინტერვიუ ტაკერ კარლსონმა დაიწყო კითხვით, თუ რატომ მიაჩნია პუტინს, რომ ნატო და აშშ შეიძლება, რუსეთს დაესხას თავს. პუტინმა ამ კითხვას ხანგრძლივი ისტორიული ექსკურსით უპასუხა, რომელშიც მიმოიხილა რუსეთის ისტორია მეცხრე საუკუნიდან და ამით მორიგ ჯერზე „ახსნა“, რომ უკრაინა რეალურად რუსეთის ნაწილია. იქვე პუტინმა კარლსონს გადასცა დოკუმენტები, რომელსაც მისი მონაყოილი ეყრდნობოდა.
პუტინის რემარკას, რომ ეს „ლექცია“ შეიძლება მოსაწყენი იყოს, კარლსონი არ დაეთანხმა. „ძალიანაც კარგი. მიხარია, ასე რომ შეაფასეთ. დიდი მადლობა“, – უპასუხა პუტინმა.
მთლიანობაში, პუტინის ისტორიის ლექციამ შეადგინა ორსაათიანი ინტერვიუს თითქმის მეოთხედი – 29 წუთი.
„ჰიტლერი აიძულეს“…
პუტინის ისტორიული მიმოხილვა მხოლოდ უკრაინის საკითხით არ შემოიფარგლა. თავისი ლექციის ბოლოს, როცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მიუახლოვდა, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორედ მსხვერპლმა, პოლონეთმა, აიძულა აგრესორი ჰიტლერი, „მათით დაეწყო მეორე მსოფლიო ომი“.
„მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთმა ჰიტლერთან ერთად მიიღო მონაწილეობა ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში, მაგრამ არ მისცა [გერმანიას] დანციგის კორიდორი. [ასე], პოლონელებმა მაინც აიძულეს, ზედმეტი მოუვიდათ და ჰოტლერი აიძულეს, მეორე მსოფლიო ომი მათით დაეწყო“, — თქვა პუტინმა.
ომი უკრაინასთან
ინტერვიუს განმავლობაში პუტინმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი კვლავაც მზადაა მოლაპარაკებისთვის და დასავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კი აშშ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, სულ „ატყუებენ“ რუსეთს.
რაც შეეხება ომს უკრაინაში, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ მიუღწევია დასახული მიზნისთვის, კონკრეტულად კი, „დენაციფიკაციისთვის“. მან აგრეთვე დაადასტურა, რომ რუსეთს, სულ მცირე, სურს შეინარჩუნოს უკრაინისგან მიტაცებული ტერიტორიები.
მინიშნება ხანგოშვილის მკვლელის დაბრუნებაზე
ინტერვიუს მიწურულს ტაკერ კარლსონმა ჰკითხა პუტინს, ხომ არ გაათავისუფლებდა პატიმრობიდან ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ მოსკოვი მზადაა, თუმცა მიანიშნა, რომ სანაცვლოდ რუსეთს სურს, დიდი ალბათობით, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი დაიბრუნოს.
„აშშ-ის ერთ-ერთ მოკავშირე ქვეყანაში ციხეშია ადამიანი, რომელმაც პატრიოტული მოსაზრებებით ერთ ევროპულ დედაქალაქში ბანდიტი მოკლა“, – თქვა პუტინმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს სურს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები დაფიქრდნენ, როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ რუსული სპეცსამსახურებების მიზნების მიღწევას – ანუ, სავარაუდოდ, კრასიკოვის დაბრუნებას.
ვინ არის ტაკერ კარლსონი
ტაკერ კარლსონი ამერიკელი ტელეჟურნალისტია, რომელიც სხვადასხვა ტელეარხზე, ბოლოს კი „ფოქს ნიუსზე“ მუშაობდა, საიდანაც გათავისუფლების შემდეგ საკუთარი გადაცემა ინტერნეტში გადაიტანა.
კარლსონი, თავისი პოპულარობის გამო, ხშირად ახდენდა გავლენას ამერიკელი კონსერვატორების და რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგზე.
იგი რესპუბლიკური პარტიის პალეოკონსერვატიულ (ულტრამემარჯვენე, რადიკალურ) ჯგუფს მიეკუთვნება — ემხრობა იმიგრაციის მკაცრად შეზღუდვას, საგარეო იზოლაციონიზმს, ეკონომიკურ ნაციონალიზმს, ასევე მხარს უჭერს კონსერვატიულ ღირებულებებს გენდერთან, სექსუალობასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.
საკამათოდ მიიჩნევა მისი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე – სრულმასშტაბიან ომამდე მას ნათქვამიც კი აქვს, რომ მხარს რუსეთს უჭერს. მოგვიანებით თქვა, რომ ეს განცხადება ხუმრობა იყო.
„რატომ უნდა მადარდებდეს, რა ხდება უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში? სერიოზულად. რატომ უნდა მადარდებდეს? რატომ არ უნდა ვგულშემატკივრბდე რუსეთს? ვგულშემატკივრობ კიდეც“, – ამბობდა კარლსონი.
გარდა ამისა, კარლსონის ზოგი გამოსვლა რუსულ სახელისუფლები მედიაშიც შუქდება, როგორც დასტური პუტინის პოლიტიკის სისწორისა.
აგრეთვე, კარლსონს ნათქვამი აქვს, რომ „აშშ და გაერთიანებული სამეფო რუსეთთან ტოტალურ ომს ითხოვენ“; გამეორებული აქვს რუსული ნარატივი, თითქოს უკრაინა არ არის რეალური ქვეყანა და „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმართება“.
მისივე თქმით, ვაშინგტონი უკრაინას იარაღს აწვდის „რუსეთის დასასჯელად“:
„უკრაინელებს იარაღს დასახმარებლად არ ვაწვდით. ამ ყველაფერში ისინი მხოლოდ უბედური პაიკები არიან. უკრაინას იარაღს რუსეთის დასასჯელად ვაწვდით. რატომ? ჰილარი კლინტონის [2016 წლის არჩევნებში] კორონაციის მოპარვისთვის“.