დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას, ხელფასს და მეუღლის ბიზნესწილს მალავს – IT

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 3 უძრავი ქონება და აღებული ხელფასი არ გაასაჯაროვა, – აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ზავრადაშვილმა ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
„დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ) არ ასახა. ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში (135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით) და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 123.20 კვ.მ. ბინა.
დარღვევა II: ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება (ხელფასი). საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 წელს წარდგენილ დეკლარაციაში გაასაჯაროვა.
დარღვევა III: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს მშენებელი-96. საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა (წილის მართვა). კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ს დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.