დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები გეგმავენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსი ექსპორტიორების შესაზღუდად ზომების მიღებას, რათა მათ ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გამოყენება ვეღარ შეძლონ.
ამის შესახებ Bloomberg-ი დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისის წარმომადგენელ ოლგა დიმიტრესკუზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ახალი ზომები ძალაში მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შევა.
როგორც გამოცემა წერს, დიმიტრესკუმ აღნიშნა, რომ G7-ის მიზანია რუსეთი აიძულონ, მიჰყვეს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დიდი შვიდეულის მიერ დადგენილ ფასების ზედა ზღვარს.
მანამდე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ, რუსული კომპანიები აგრძელებენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას მსოფლიოში სანქციების გვერდის ავლით სხვადასხვა სქემის გამოყენებით. მათ შორისაა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სქემა, რომლის დროსაც ტანკერები ოფიციალურად იმ ქვეყნების დროშების ქვეშ დაცურავენ, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, თუმცა, რეალურად რუსული კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ.
2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა დააწესეს რუსული ნავთობის ფასის ჭერი, რომელიც ზღვით მიწოდებული რუსული ნედლი ნავთობის მაქსიმალურ ფასს ბარელზე 60 დოლარამდე ადგენს. ამის პარალელურად, თებერვლიდან ნავთობპროდუქტებზე ფასებიც შეზღუდულია: მსუბუქი ნავთობპროდუქტების ზედა ზღვარი ბარელზე 100 დოლარია, მძიმე ნავთობპროდუქტებზე – 45 დოლარი.
სანქციების მიუხედავად, მოსკოვი აგრძელებს ნავთობის მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს.
Bloomberg-ის ცნობით, 2023 წელს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის თითქმის სრული რაოდენობა იყიდებოდა დადგენილ ზედა ზღვარზე მაღალ ფასად.