გაგრის აღების დღეს, იტალიის სენატში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის – დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი – ჩვენება, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.
ფილმის ერთსაათიანი ჩვენების შემდეგ, რომის დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე), დისკუსია გაიმართება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შემდეგ ლინკზე შეგეძლებათ:
“ამ წუთებში იტალიის სენატში ხდება ის, რაც შეუძლებელი იყო გასული ათწლეულების განმავლობაში – მიმდინარეობს ფილმის ჩვენება – ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელშიც მოთხრობილია რუსეთის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე აფხაზეთში და ქართველთა გენოციდზე, რომელიც ორკესტრირებული იყო რუსი ომის დამნაშავეების მხრიდან. ფილმს მოყვება დისკუსია […]
ფედერალისტები, აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი და ტაბულა ამ კამპანიას ვეწევით 2022 წლის მაისიდან, რათა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება, რომელიც ეთნიკურ ჭრილში განიხილებოდა აქამდე, იმისთვის, რომ რუსეთს შეძლებოდა მისი მონაწილეობის, მისი აგრესიული როლის უარყოფა, წარსულს ჩაბარდეს და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი – რომ ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამოცანა იყო არა საქართველოს ტერიტორიის დაპყრობა, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისთვის ხელის შეშლა.
ასევე, ჩვენ ვაპირებთ ვიუსაუბროთ იმაზე, რომ დღევანდელი რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ერთი ერთში იმეორებს იმ სულისკვეთებას, რაც მაშინ რუსეთის აგრესიულ ძალას ჰქონდა. ისინიც მაშინ მშვიდობის სახელით მოქმედებდნენ და რეალურად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – ქართველთა გენოციდი” – ამბობს ფედერალისტების ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი.
იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენება და დისკუსია იტალიელი სენატორის, მარკო ლომბარდოს ინიციატივით, და თავისუფლების ინსტიტუტის, პარტია ფედერალისტების, აფხაზთა კრებისა და ტაბულას ორგანიზებით იმართება. პროექტი კამპანიის მხარდამჭერი მოქალაქეების შემოწირულებებით დაფინანსდა.
დისკუსიაში მონაწილეობენ იტალიის როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: Azione-ს სენატორი მარკო ლომბარდო; მმართველი Fratelli d’Italia-ს დეპუტატი და პარტიის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ფილინი და “დემოკრატიული პარტიის” სენატორი ფილიპო სენსი. სპიკერებს შორის ასევე არიან აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ჯაკომო ფერარა და პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე გიგა ბოკერია. დისკუსიას იტალიური გამოცემა Il Foglio-ს ჟურნალისტი და ავტორი მიკოლ ფლამინი გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ ჯაკომო ფერარა 2025 წელს საქართველოში საპროტესტო აქციის გაშუქებისას 5 000 ლარით დააჯარიმეს. მოგვიანებით, როცა ის სომხეთიდან საქართველოში შემოსვლას ცდილობდა, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, იგი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანია 2022 წელს დაიწყო. მას შემდეგ გამოფენები და ფილმის სხვადასხვა ვერსიის ჩვენებები საქართველოს არაერთ ქალაქში, აშშ-ს კონგრესში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში გაიმართა.
კამპანიის მიზანია, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.